დავით ნარმანია - ენერგოუსაფრთხოებაში საქართველოს როლი კიდევ უფრო იზრდება, ენერგეტიკის სექტორში ინვესტირება ჩვენს ქვეყანას მეტად უსაფრთხოსა და სხვებზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის
დავით ნარმანია - ენერგოუსაფრთხოებაში საქართველოს როლი კიდევ უფრო იზრდება, ენერგეტიკის სექტორში ინვესტირება ჩვენს ქვეყანას მეტად უსაფრთხოსა და სხვებზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებულ საკითხებში საქართველოს როლი იზრდება.

დავით ნარმანიას თქმით, ენერგეტიკის სექტორში ინვესტირება, მეტი ინვესტორის მოზიდვა საქართველოს, ენერგეტიკული თვალსაზრისით, მეტად უსაფრთხოსა და სხვა ქვეყნებზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის.

„საქართველოს როლი ენერგოუსაფრთხოებაში და, ზოგადად, ენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებულ საკითხებში კიდევ უფრო იზრდება. ჩვენ ვართ, ერთი მხრივ, ენერგიის მწარმოებელი ქვეყანა, მეორე მხრივ, ენერგორესურსების მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა. ეს როლი მეტად იზრდება, რადგან დაგეგმილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობა, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც მიმდინარეობს, ისევე როგორც ენერგიის ახალი წყაროები და სიმძლავრეები იქმნება ჩვენს ქვეყანაში, რაზეც აუქციონი ჩატარდა და ახალი სიმძლავრეების მშენებლობის აუქციონის გამოცხადებაც არის დაგეგმილი.

ამდენად, ეს ყველაფერი დღევანდელ ღონისძიებას წითელი ხაზივით გასდევს, ვინაიდან ენერგოუსაფრთხოება, ენერგიის ტრანზიტი „აბრეშუმის გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი საკვანძო და მნიშვნელოვანი საკითხებია. ენერგეტიკის სექტორში ინვესტირება, მეტი ინვესტორის მოზიდვა, ადგილობრივი გენერაციის წყაროს შექმნა, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყანას მეტად უსაფრთხოს და სხვებზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის. პირიქით, სხვების დამოკიდებულება იზრდება ჩვენზე, ვინაიდან ვართ მნიშვნელოვანი, უსაფრთხო და სატრანზიტო ქვეყანა. ამდენად, ეს დამატებით შემოსავლებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის.

„აბრეშუმის გზის“ ფორუმი დამატებით ახალი ინვესტორების მოზიდვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა. არ არის გამორიცხული, რომ სხვა ინვესტორები ჩაენაცვლონ (ჰესებზე) მანამდე არსებულ ინვესტორებს, თუმცა აქ საკვანძო მაინც ის არის, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად იქნება წილობრივ მონაწილეობაში წარმოდგენილი. ეს უზრუნველყოფს, რომ მიწა და სხვა რესურსები რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, ინვესტორი ჩადებს ინვესტიციას მისი შემდგომი განვითარებისთვის. საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით, შესაძლოა, მოწინააღმდეგე მხარეებთან დიალოგი უფრო ადვილად იქნას მიღწეული და ამით გადალახონ ბარიერი, რომელიც აქამდე არსებობს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კითხვაზე – „შესაძლებელია თუ არა, რომ იმავე „ნამახვანთან“ დაკავშირებით ახალ ინვესტორს ველოდოთ?“ – ნარმანიამ აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იქნება“.