ვახტანგ ჭარაია - არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ეძლევა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი ხიბლი და მოიზიდოს ინვესტიციები გარედან
ვახტანგ ჭარაია - არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ეძლევა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი ხიბლი და მოიზიდოს ინვესტიციები გარედან

ეს არ არის მარტო ეკონომიკა და მარტო აბრეშუმის გზა, საქართველო იძენს სხვა ახალ ფუნქციებს, რომლებიც მას ჰაერივით სჭირდება და მისი პოზიციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„სწორედ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ის რეალობა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ერთ პარტნიორზე, ამ შემთხვევაში ერთიან დასავლეთზე, და იყოს სხვა ალტერნატივებიც. აქ არ ვგულისხმობ ისეთ ალტერნატივას, რომელიც სრულად მის ვექტორზე გადასვლას გულისხმობს, არამედ პარალელურად, სხვა ხელშემწყობი მიმართულებების განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს, იმავე აღმოსავლეთის მიმართულებით. იმ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რომელიც დღეს საკმაოდ დაძაბულია, საქართველოსთვის შეიქმნა და ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, როგორც აღმოსავლეთის მიმართულებით, სადაც ჩინეთია გამოსაყოფი, რომელთანაც ურთიერთობაში უჩნდება ახალი შესაძლებლობები და ამას იყენებს, ასევე, რა თქმა უნდა, თავის სტრატეგიულ და ტრადიციულ პარტნიორ ევროკავშირთან თუ აშშ-თან მიმართებაში. ეს ყველაფერი კომბინაციაში საქართველოს როლსაც წინ წევს და მის შესაძლებლობებსაც აუმჯობესებს, რაც, თავის მხრივ, სწორ გეოპოლიტიკურ და დროით სივრცეში ხორციელდება საქართველოს სასარგებლოდ“, – განაცხადა ჭარაიამ.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო ჩრდილოეთი ფაქტობრივად ჩაკეტილია, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამო სამხრეთის საკითხიც გარკვეულწილად ბლოკირებულია და ირანის მიმართულებაც იბლოკება, რომელიც ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მოიაზრებოდა, რჩება შუა დერეფანი, სადაც სწორედ საქართველოა ერთ-ერთი გამტარი ქვეყანა და სტრატეგიული მოთამაშე ამ სივრცეში.

„შესაბამისად, ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ეძლევა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი ხიბლი და მაქსიმალურად მოიზიდოს ინვესტიციები გარედან. ინვესტიციებში, ამ შემთხვევაში, მარტო ფულს არ გამოვყოფდი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით გადაიდგას ძალიან დიდი ნაბიჯი და ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგას მდგრადი განვითარების მიმართულებით; ისეთი სექტორების განვითარებას შეეწყოს ხელი, რომლებიც ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო წლების განმავლობაში ვერ ვითარდებოდა ან იმ მასშტაბით ვერ ვითარდებოდა, რამდენიც გვინდოდა, მაგალითად, ენერგეტიკა“, – განაცხადა ჭარაიამ.

ამასთან, ჭარაიამ აღნიშნა, რომ ასეთ პროექტებს, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე უჩნდება და ამ დროს, თუ რამე შიდა მასშტაბური დაპირისპირება არ იქნება, საქართველოს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, სწორ დროს მოიზიდოს კაპიტალიც, ტექნოლოგიაც, კავშირებიც, თავისი როლიც გაიმყაროს ამ სივრცეში და, მთლიანობაში, ამ ყველაფრით, კარგი გაგებით, კარგად ისარგებლოს.

„შეიძლება, ერთ წელიწადში უკვე სხვა რეალობა იყოს, მაგრამ ზუსტად დღეს გვაქვს ეს შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ეს სიკეთეები. ეს ყველაფერი რაც შეიძლება, მოკლე ვადაში უნდა მოხდეს და, რა თქმა უნდა, ისე უნდა განხორციელდეს, რომ ეს იყოს გრძელვადიანი პროექტების დასაწყისი და კასკადი. აქ იგულისხმება პორტი, რკინიგზა, ტექნოლოგიური განვითარება, ციფრული მიმართულება და ა.შ.“ – განაცხადა ჭარაიამ.

მისივე თქმით, „აბრეშუმის გზას“ წლების წინ არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობის გზის სახე და აქამდე შუა დერეფნის როლი გარკვეულწილად დაკნინებული იყო, დღეს კი ვითარება იცვლება.

„რა თქმა უნდა, ჩვენი გამტარუნარიანობით, დღევანდელი შესაძლებლობებით რუსეთს ვერ ჩავანაცვლებთ, იქ სულ სხვა მასშტაბებზე იყო საუბარი და ვერც სამხრეთის დერეფნის მასშტაბებს გავუმკლავდებით, მაგრამ ევროკავშირისთვის რესურსების დივერსიფიცირებისთვის, ისევე, როგორც ჩინეთისთვის პლატფორმა, რომ ევროკავშირთან პირდაპირი ვაჭრობა განახორციელოს, ნამდვილად ვართ წარმოდგენილი“, – განაცხადა ჭარაიამ.

ჭარაიამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პროგრესის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ მისი როლი რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, წესით, ევროკავშირმა არათუ ხელი უნდა გვკრას, არამედ კიდევ უფრო მეტად უნდა დაგვიახლოოს და მის ხელთ არსებული ყველანაირი შესაძლებლობით კიდევ უფრო მეტად უნდა წაგვახალისოს.

„აქ ევროკავშირის ინტერესი არის პირდაპირი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. კანდიდატის სტატუსით და პლუს, ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობით, ორივე მიმართულებით აქტიური თანამშრომლობით, უფრო მეტი პერსპექტივა უჩანს იმას, რომ მსგავსი პროექტი სრულფასოვნად განხორციელდეს“, – განაცხადა ჭარაიამ.

როგორც ვახტანგ ჭარაიამ ასევე თქვა, ამ დღეებში საქართველოში ჩატარებულმა „აბრეშუმის გზის ფორუმმა“ დაგვანახა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში მარტო აბრეშუმის გზასაც არ უნდა ვუყუროთ და ამ ფორუმით შეიქმნა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პროექტზე ვაწარმოოთ მოლაპარაკებები უამრავ სხვა ქვეყანასთან, რომლებიც არც აზიაშია და არც ევროპაში.