ნათია თურნავამ Sturgeon Capital Georgia-ს საინვესტიციო სამიტში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ Sturgeon Capital Georgia-ს საინვესტიციო სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ Sturgeon Capital Georgia-ს საინვესტიციო სამიტში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო მნიშვნელობის ყოველწლიური სამიტი განსაკუთრებულ როლს თამაშობს პერსპექტიული ციფრული კომპანიების მხარდაჭერისა და ინოვაციური იდეების ინვესტირებაში.

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ისაუბრა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანაზე, რომელიც ფინანსურ სექტორში ინოვაციების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მისივე თქმით, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და ახალი ინიციატივების დანერგვაზე.

ნათია თურნავას განცხადებით, ინიციატივებს შორის აღსანიშნია ღია ბანკინგი, რეგულირების ლაბორატორია და ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) დანერგვა.

მან ასევე ხაზი გაუსვა პირველი ღია ფინანსების API-ების (პროგრამირების ინტერფეისების) გაშვებას, რომელიც 2024 წლის აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება.

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ პროცესებში IFC-ის მხარდაჭერა. ერთობლივი მუშაობით ღია ფინანსების ლაბორატორია შევქმენით, რომლის საშუალებითაც ახალი API-ების ტესტირება იქნება შესაძლებელი. ღია ფინანსების ლაბორატორიის მონაწილეებს IFC-ის პროფესიონალები ექსპერტულ ტექნიკურ კონსულტაციას უწევენ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა 2020 წელს ციფრული ბანკინგის ლიცენზირების დანერგვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ეკოსისტემაში ნოვატორების ინტეგრაციას შეუწყო ხელი. მისი შეფასებით, შედეგები ხელშესახებია.

„ციფრული ბანკის სამი ლიცენზია უკვე გაცემული გვაქვს. ლიცენზიის მფლობელები ნერგავენ მნიშვნელოვან ინოვაციებს, აძლიერებენ კონკურენციას ბაზარზე და პასუხობენ ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ფინტექ სექტორში ინოვაციების ხელშეწყობის ვალდებულებას განუხრელად ვასრულებთ. ვმუშაობთ შემდგომ ინიციატივებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში გახდება საჯარო“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და იმედი გამოთქვა, რომ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის მხარდაჭერითა და Startup Connect-ის ორგანიზებით განხორციელებული ღონისძიება არაერთ პერსპექტიულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

საინვესტიციო სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ერთ-ერთ პანელზე, სახელწოდებით „საქართველო, როგორც ფინტექჰაბი“ სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ ქვეყანაში ფინტექ სექტორის განვითარებაზე ისაუბრა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.