დავით ნარმანია - ენერგეტიკული ბირჟის გახსნის გადავადება დიდწილად დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენი ჰიდრორესურსები საკმარისი ოდენობით არ არის სისტემაში შემოსული
დავით ნარმანია - ენერგეტიკული ბირჟის გახსნის გადავადება დიდწილად დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენი ჰიდრორესურსები საკმარისი ოდენობით არ არის სისტემაში შემოსული

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის გადავადება მხოლოდ სამი თვით მოხდა და ეს დიდწილად დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენი ჰიდრორესურსები საკმარისი ოდენობით არ იყო ჯერ სისტემაში შემოსული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განუცხადა.

ნარმანიას თქმით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ჰიდროელექტროსადგურები უკვე შეძლებენ იაფი ენერგიის გამომუშავებას, რათა ბირჟის ამოქმედებისას საბაზრო ფასზე წნეხი არ იყოს.

„წყალუხვობის პერიოდი სწორედ ახლა იწყება, როცა ინტენსიური ნალექებისა და თოვლის დნობის შედეგად ჰიდროელექტროსადგურები შეძლებენ უფრო იაფი ენერგიით შევიდნენ ბაზარზე. სულ მცირე, 70-80 პროცენტი მაინც უნდა იყოს ჰიდროელექტროსადგურების დატვირთვა, რათა საბაზრო ფასზე, ასე ვთქვათ, წნეხი არ იყოს. გარდა ამისა, რისკი, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, კვლავაც რჩება და ამ ფაქტორებიდან გამომდინარე იქნა სწორედ მიღებული გადაწყვეტილება ბაზრის გახსნის გადავადებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან სემეკ-ის თავმჯდომარემ.

დავით ნარმანიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, თუ ვინ იქნება პირველ ეტაპზე ბაზრის მონაწილე და ენერგიის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი.

„ენერგეტიკულ ბირჟაზე, ერთი მხრივ, ენერგიას გაყიდიან ენერგიის მწარმოებლები, როგორებიცაა ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები და ა.შ., რომელთაც აქვთ ენერგია. ასევე იმპორტიორები, დილერები; მეორე მხრივ, ენერგიას ბაზარზე იყიდიან ის მსხვილი ორგანიზაციები, მსხვილი მომხმარებლები, რომლებიც, მთავრობის კონცეფციის მიხედვით, პირველ ეტაპზე უნდა გავიდნენ ბაზარზე. ეს არის 22 ორგანიზაცია, აქედან სამი მსხვილი სახელმწიფო უწყებაა: „საქართველოს რკინიგზა“, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და საქართველოს მელიორაცია. ხოლო 19 კერძო კომპანიაა“, – განმარტა ნარმანიამ.

მთავრობამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უკვე მეხუთედ გადადო. წესით, ენერგეტიკული ბირჟა პირველ აპრილს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ ის კიდევ რამდენიმე თვით, პირველ ივლისამდე გადადო.