დავით ნარმანია - ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გახსნა ტარიფების ზრდაზე არ იმოქმედებს
დავით ნარმანია - ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გახსნა ტარიფების ზრდაზე არ იმოქმედებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გახსნა ტარიფების ზრდაზე არ იმოქმედებს.

დავით ნარმანიამ ახალი მოდელის გადავადების მიზეზების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სემეკმა ბაზრის მონაწილეებს დამატებითი ღონისძიებები განუმარტა.

„ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის სამი თვით გადავადების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მარეგულირებელი კომისიის მიერ ბაზრის ოპერატორების მოსმენა, რომელიც გაიმართა გასულ კვირას. მოვუსმინეთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, კომერციული ბაზრის ოპერატორს, მოვუსმინეთ ბირჟას. მნიშვნელოვანია, რომ გაცემული დავალებების აბსოლუტური უმეტესობა არის შესრულებული, გარდა ძალიან მცირე ტექნიკური ტესტირებისა და სისტემების სინქრონიზაციისა, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და კომერციული ოპერატორის მიერ“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, მარეგულირებელმა კომისიამ უკვე დაასრულა ახალ მარეგულირებელ წესებში ცვლილებების პროექტის განხილვა, რაც უახლოეს პერიოდში დამტკიცდება, აქედან გამომდინარე, ბაზარი მზად იქნება ზაფხულისთვის გასახსნელად.

„ზაფხულის პერიოდი ბაზრის გახსნისთვის არის უმჯობესი, ვინაიდან სწორედ ახლა იწყება შედარებით უხვი ნალექების პერიოდი, თოვლის დნობა, გაზაფხულის წვიმები, საიდან გამომდინარეც მარეგულირებელი სადგურებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი, რომლებმაც უნდა შეძლონ უფრო მეტი ენერგიის გამომუშავება, ბაზრის გახსნისთვის დაბალანსების საკითხებზე სწორედ იაფიანი ენერგიის წყაროების მიწოდება. დაახლოებით 70-80%-ით მაინც უნდა იყოს დატვირთული მათი სიმძლავრეები, რომ ახალი ბაზრის გახსნის პირობებში ახალ სისტემაზე უმტკივნეულოდ გადავიდეთ.

რაც შეეხება რეგიონს, არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, რაც წინა გადავადებას უძღოდა საფუძვლად, პრაქტიკულად უცვლელია. საომარი ვითარება რუსეთსა და უკრაინას შორის კვლავაც მიმდინარეობს, გარდა ამისა, თურქეთში ჯერ კიდევ მაღალია ფასები ენერგიაზე. ამიტომაც ზაფხულის პერიოდი, რასთან დაკავშირებითაც მთავრობამ სამი თვით გადავადების გადაწყვეტილება მიიღო, არის საუკეთესო პერიოდი. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება იყო ლოგიკური და სწორი. აღნიშნულზე დაყრდნობით, მარეგულირებელმა კომისიამ ის დროებითი ტარიფები, რომლებიც არსებობდა ბაზრის გახსნამდე, ეს გავაგრძელეთ და ტარიფები კვლავაც რჩება უცვლელი. ამ მოცემულობით და ამ გადმოსახედიდან ტარიფების ზრდა არ იქნება და, შესაბამისად, შენარჩუნებული იქნება ის ტარიფები, რომლებიც ამ პერიოდისთვის არის. წინ გვაქვს წყალუხვობის პერიოდი და ნალექები, აღნიშნულიდან გამომდინარე, ტარიფის ზრდის საფრთხე ბაზრის გახსნის პირობებში არ იარსებებს“, – განაცხადა ნარმანიამ.