დავით ნარმანია - ელექტროენერგიის სექტორში ტარიფები რჩება უცვლელი, არ ველოდებით არც ბუნებრივი აირის საფასურის ზრდას
დავით ნარმანია - ელექტროენერგიის სექტორში ტარიფები რჩება უცვლელი, არ ველოდებით არც ბუნებრივი აირის საფასურის ზრდას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარების საშუალო მაჩვენებლები გააცნო.

დავით ნარმანიას თქმით, 2021-2022 წლების მონაცემებით, ზამთრის თვეებში ზაფხულის თვეებთან შედარებით, საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის მოხმარება 13.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო ბუნებრივი გაზის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ხუთჯერ არის მომატებული. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ტარიფები არ შეცვლილა.

„საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის ჯამური მოხმარება 2021 წელს 2,6 მლრდ კვტ.სთ-ზე მეტი იყო, ხოლო 2022 წელს, საპროგნოზო მაჩვენებლების ჩათვლით შეადგენს 2,7 მლრდ კვტ.სთ-ს. 2021 წლის შემოდგომაზე (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) საყოფაცხოვრებო მოხმარებამ შეადგინა 620 მლნ.კვტ.სთ, ხოლო ზამთრის თვეებში (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) 740 მლნ კვტ.სთ. რაც შეეხება 2022 წელს, შემოდგომის პერიოდში მოხმარება იყო 660 მლნ.კვტ.სთ, ხოლო ზამთრის თვეებში – 789 მლნ.კვტ.სთ. ორივე წელს შემოდგომის პერიოდთან შედარებით, საყოფაცხოვრებო მოხმარების მატებამ საშუალოდ 16% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის მოხმარების მატება ფიქსირდება ზაფხულის თვეებშიც (ივნისი, ივლისი, აგვისტო). მიუხედავად ამისა, ზაფხულის თვეების მოხმარება არ აჭარბებს ზამთრის თვეების მოხმარების მაჩვენებელს. მაგალითად, 2021 წელს ზაფხულის საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მოხმარებამ შეადგინა ჯამურად 652 მლნ. კვტ.სთ, ხოლო 2022 წელს – 669 მლნ.კვტ,სთ. რაც საშუალოდ 13.6%-ით ნაკლებია ზამთრის პერიოდის მოხმარების მაჩვენებლებზე“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ზამთრის თვეებში, მაშინ, როდესაც მოსახლეობა რთავს გამათბობლებს, ბუნებრივი გაზის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 160 კუბ.მ-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც ზაფხულში ბუნებრივი გაზის მოხმარება საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის საშუალოდ 30 კუბ.მ-ს არ აღემატება.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ზრდა, ძირითადად, უკავშირდება საცხოვრებელი ფართების მატებასა და დატვირთვის ზრდას.

ამასთან, ნარმანიამ განაცხადა, რომ კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში მომხმარებლებს შეეძლებათ, მიმართონ მარეგულირებელ კომისიას.

„მომხმარებლებს თუ მაინც ექნებათ კითხვები და ფიქრობენ, რომ ზედმეტი დარიცხვა მიუვიდათ, მათ შეეძლებათ, რომ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას“, – განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება ტარიფებს, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ელექტროენერგიის სექტორში ტარიფები რჩება უცვლელი.

მისივე თქმით, არსებულ პირობებში ზრდას არც ბუნებრივი აირის სექტორში არ ელოდებიან.

„ელექტროენერგიის სექტორში აგვისტოში დავადგინეთ ტარიფები და ის მომდევნო წელსაც, ანუ ამ შემოდგომასა და ზამთარში იქნება უცვლელი. ბაზრის გახსნამდე ჩვენ მოქმედი ტარიფები დავტოვეთ ძალაში. დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ვინაიდან ამ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა, თუმცა არსებული კურსის პირობებში, ზრდას ამ ნაწილშიც არ ველოდებით“, – განაცხადა ნარმანიამ.

მან ბუნებრივი აირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სეზონის დადგომამდე ყველა დანადგარი და საერთოდ სისტემა შემოწმდეს. რაიმე სახის სუნს თუ იგრძნობს მომხმარებელი ან გაზთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ რაღაცა უწესრიგობაა, მათ აუცილებლად უნდა დარეკონ შესაბამის გამანაწილებელი კომპანიის ცხელ ხაზზე და გამოიძახონ ბრიგადები. ხშირია შემთხვევები, როცა არასწორად შეერთებული ან არასათანადო დანადგარი ჩაიხსნება ქსელიდან კომპანიების მიერ და მომხმარებლები სამწუხაროდ, თვითნებურად ახდენენ ამის მიერთებას. თვითნებურად მიერთება კატეგორიულად დაუშვებელია და მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით არის აკრძალული, პირველ რიგში, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის და გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ზამთრის სეზონისთვის ქვეყანა როგორც ელექტროენერგიით, ასევე ბუნებრივი აირით მომარაგების ნაწილში სრულ მზადყოფნაშია.

„ჩვენ არ ვართ პირდაპირ გაზის მყიდველი ბირჟაზე და აზერბაიჯანთან გრძელვადიანი მოწოდების ხელშეკრულება გვაქვს, შესაბამისად, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე შესაბამის ფასის მკვეთრი ზრდა ჩვენთან გაზის ფასებზე არ ასახულა. ეს ტენდენცია შენარჩუნდება ანუ ფიქსირებული ფასში, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ქვეყანა მიიღებს გაზს. მისაწოდებელი გაზის ფასის ზრდის საფრთხე არ არსებობს. ელექტროენერგიას რაც შეეხება, ელექტროენერგიის ფასი მერყეობს და სხვადასხვა პერიოდებში და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანას რა მოცულობის ელექტროენერგია და რა ფასად აქვს, აქედან გამომდინარე პერიოდულად ელექტროენერგიაზე ფასები იცვლება და სხვადასხვაა, თუმცა ფასების მყისიერი ზრდა აქაც არ გვაქვს“, – განაცხადა ნარმანიამ.