გიორგი კვირიკაშვილი - უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანაში სიახლეების დანერგვის პიონერი სწორედ საპატრულო პოლიცია იყოს
საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იაპონიის მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების დაწყება და შეღავათიანი დასაბეგრი რეჟიმი ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებზე.
„კონკრეტულად, ელექტრო ავტომანქანების იმპორტი მთლიანად გათავისუფლებულია დაბეგვრისგან, ხოლო ჰიბრიდულ ავტომანქანებზე 60%-ით შევამცირეთ დასაბეგრი განაკვეთები. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ის, რომ იმპორტირებული ავტომანქანების 35-40% დღეს უკვე სწორედ ჰიბრიდულ მანქანებს უკავია. რა თქმა უნდა, ეკოლოგიაზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის ვაალი და ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, თავდაპირველად, ეს ავტომანქანები მთლიანად მინისტრთა კაბინეტისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა, მისი თქმით, როდესაც დასვა საკითხი, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება და ნაჩუქარი 96 ავტომობილი გადაეცათ საპატრული პოლიციისთვის, მინისტრთა კაბინეტში სრული მხარდაჭერა და კონსოლიდაცია იყო.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ ქვეყანაში ასეთი სიახლეების დანერგვის პიონერი სწორედ საპატრულო პოლიცია იყოს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის ხელმძღვანელმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადაცემის ცერემონიაზე პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.
„ვიცე-პრემიერმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პოლიციაში ძალიან ბევრი სიახლე ინერგება და ძალიან საინტერესო გეგმებია. მინდა, მინისტრს წარმატება ვუსურვო და ამ წარმატებაში დარწმუნებული ვარ. ჩვენი ქვეყნის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია პოლიციის წარმატებაზე.
მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩვენს ქვეყანაში წესრიგსა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავს და აშენებს საფუძველთა საფუძველს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობასა და კორპორაცია „მიცუბიშის“.
„გასულ კვირას იაპონია ძალიან აქტუალური იყო საქართველოში. ამისთვის ჩვენ გვქონდა ორი მიზეზი – ერთი, სუმოისტმა საქართველოდან ტოჩინოშინმა ანუ ლევან გორგაძემ მოიპოვა იაპონიის იმპერატორის თასი და ძალიან გამიხარდა, როდესაც იაპონიის ელჩმა პირველმა მომილოცა ეს წარმატება. დიდი მადლობა ბატონო ელჩო, ეს ჩვენი საერთო წარმატებაა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
იაპონიის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა.
შსს-ის ინფორმაციით, ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.