გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ გადავლახეთ სირთულეები, რომლიდან გამოსვლაც ბევრ განვითარებულ ქვეყანას უჭირს, რომ არა ჩვენ მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა, სხვა რეალობის წინაშე ვიდგებოდით
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ გადავლახეთ სირთულეები, რომლიდან გამოსვლაც ბევრ განვითარებულ ქვეყანას უჭირს, რომ არა ჩვენ მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა, სხვა რეალობის წინაშე ვიდგებოდით

მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ჩვენ მივიღეთ შეგნებულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა, მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოიღო ის შედეგი, რომ მოგვცა მაღალი ეკონომიკურ ზრდა, მაგრამ სათანადოდ ვერ აისახა მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ფენებზე, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ყველას კარგად ახსოვს ის სერიოზული პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისები, რომელიც რეგიონზე ძალიან მტკივნეულად აისახა, სწორედ ამ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რყევებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გახდა საჭირო.

„მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ჩვენ მივიღეთ შეგნებულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა, მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოიღო ის შედეგი, რომ მოგვცა მაღალი ეკონომიკურ ზრდა, მაგრამ სათანადოდ ვერ აისახა მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ფენებზე. მაგრამ რომ არა ეს გადაწყვეტილებები, არ გვექნებოდა ეკონომიკური დინამიკა და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება გადავადდებოდა მინიმუმ 5-7 წლით. ეს გადაწყვეტილებები იყო მცურავი სავალუტო კურსი, ეს იყო რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, რომ არ დაგვემინუსებინა ეკონომიკური ზრდა, ეს გადაწყვეტილება იყო ასევე ჭარბვალიანობის და დედოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მაკროეკონომიკური ფისკალური სტაბილიზაცია იქნა მიღწეული, ეს იყო სწორედ 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის დასაწყისი. როდესაც ჩვენ ამ ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ, მას შემდეგ, რაც ფისკალური საბიუჯეტო დეფიციტი ჩამოვიყვანეთ პრუდენციალურ საზღვრებამდე. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რადგან ამან მოგვიტანა ეკონომიკური დინამიკა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც კურსს დააფიქსირებდა, მოსახლეობას შეიძლება იმ მომენტში გაუადვილებდა ყოფას, მაგრამ გავფლანგავდით სავალუტო რეზერვებს, ვერ მივიღებდით ეკონომიკურ პოლიტიკას და იმ დინამიკას, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში. შესაბამისად, განვითარების პროცესი გადავადდებოდა, ამიტომ ეს იყო შეგნებული, მაგრამ მტკივნეული გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ამ გადაწყვეტილებების მიღების დროს გარკვეული კომპენსატორების შემოღება ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველი ადამიანის ფენებისთვის და ამ ნაწილში მე შემიძლია მივიღო შენიშვნა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო მემარჯვენე ნაბიჯები, რომელმაც ქვეყანას მოუტანა ის დინამიკა, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენ ამ რთული ვითარებიდან ღირსეულად გამოვედით, ჩვენ გადავლახეთ ის სირთულეები, რომლიდან გამოსვლაც ბევრ განვითარებულ ქვეყანას უჭირს და რომ არა ის პოლიტიკა, დღეს ჩვენ სხვა რეალობის წინაშე ვიდგებოდით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს რეგიონში არის ყველაზე მაღალი, 6,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, აპრილის თვეში – 5,5%.

„2018 წლის მხოლოდ 5 თვეში ტურიზმის რეკორდული 24%-იანი ზრდა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ეს მაჩვენებელი 8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს. 2018 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი არის 22%-ით გაზრდილი. დაწყებულია უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელებასაც 2017-2020 წლებში 9 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია მოხმარდება. უშუალოდ ამ პროექტების განხორციელება შექმნის დაახლოებით 40-50 ათას სამუშაო ადგილს.  გარდა ამისა, საქართველო დღეს მსოფლიოში აღიარებული უსაფრთხო ქვეყანა გახლავთ, რომელიც მიმზიდველია ინვესტიციებისთვის, მსოფლიო დონის ჩემპიონატებისთვის და სხვა არაერთი საერთაშორისო მასშტაბის შეხვედრებისთვის. ყველაფერი ეს არის წინაპირობა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. ეს არის მყარი საფუძველი, რომელიც აუცილებლად მოიტანს დიდი შედეგებს და ჩვენი შვილები იცხოვრებენ უსაფრთხო, განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში”, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.