გიორგი მარგველაშვილი - საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რატომ მიდიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ახლები
გიორგი მარგველაშვილი -  საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რატომ მიდიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ახლები

გიორგი კვირიკაშვილი იყო მესამე პრემიერ-მინისტრი ჩემს გამოცდილებაში, რომელიც წავიდა და ის ყველაზე კომფორტული სამუშაო უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვით იმისა, რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, ფორუმზე  – „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩემ გამოცდილებაში ოთხ უმაღლეს თანამდებობის პირთან მიმუშავია, ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, დავით უსუფაშვილი, ირაკლი კობახიძე. შემიძლია ნათლად ვთქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ყველაზე კომფორტული სამუშაო თანამდებობის პირი იყო, ნათლად განსაზღვრული ხედვით და გასაგები ხედვით, იმისა, რასაც აკეთებდა და რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის გაჩნდა კითხვები, რატომ წავიდა პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან.

„იმ პროცესში, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და, რომელშიც ბატონი კვირიკაშვილის გუნდი სწორედ ეკონომიკურ მიმართულებას ავითარებდა, მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოსახლეობის კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერ ვიტყვი,  რომ წარუმატებელი იყო გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, მან ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების არსებობაზე პარლამენტში ერთი თვის წინ ისაუბრა.

„ეკონომიკურ პრობლემებზე დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტში ვისაუბრე, მაგრამ მაშინ სრული მიუღებლობა იყო იმ ჭეშმარიტების, რომ დასაქმების მიმართულებით სირთულეები არსებობს და ა.შ. უცებ „იუნისეფ“-ის კვლევამ გასაგები გახადა საქართველოს მთავრობისთვის, რომ ეკონომიკის მიმართულებით არსებობს პრობლემები. მინდა ვთქვა, რომ ორი წლის განმავლობაში გიორგი კვირიკაშვილის გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად ვერ შეიძლება შეფასდეს, როგორც წარუმატებელი და უარყოფითი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რატომ მიდიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები და რა პრინციპით და კრიტერიუმებით შეირჩევიან ახლები.

„ამ ფონზე სრულიად გაუგებარია, როცა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე არ ხდება კომენტირება, იმ მთავარ პრობლემაზე, რის გამოც  საზოგადოება აქტიურად აპროტესტებს ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც ეხება სწორედ მართლმსაჯულების საკითხებს. საზოგადოება დაახლოებით ერთი თვეა ძალიან აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციას სამართლიანობასთან და  მართლმსაჯულებასთან მიმართებაში. რაც ჩვენ გვეძლევა ახალი ვერსია, რომ „იუნისეფ“-ის კვლევიდან გამომდინარე, კვირიკაშვილს ვერ აუგია ეკონომიკური პოლიტიკა და ამის გამო, მიდის პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეიძლება სწორედ ამ მიმართულებით დახასიათდეს, როგორც პრინციპული ნაბიჯების გადამდგმელი, მიდის თანამდებობიდან.

ყოველივე ეს და მათ შორის, გუშინდელი გადადგომის მოხსენება სწორედაც რომ ჩვენი ევროპული და გამჭვირვალე, საზოგადოებისთვის გასაგები პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა.