თამარ ჩუგოშვილი - მინისტრთა შემადგენლობაში ცვლილებები ხელს შეუწყობს, რომ მთავრობის საქმიანობა უფრო დინამიური გახდეს
თამარ ჩუგოშვილი - მინისტრთა შემადგენლობაში ცვლილებები ხელს შეუწყობს, რომ მთავრობის საქმიანობა უფრო დინამიური გახდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც გუშინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, გაწეული მუშაობისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, მათ შორის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.

ამის შესახებ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც ფორუმი „საქართველოს ევროპული გზა“ მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, რომ გარკვეული ცვლილებები მინისტრთა შემადგენლობაში ხელს შეუწყობს იმას, რომ მთავრობის საქმიანობა გახდეს უფრო დინამიური. რაც შეეხება სახელებს და გვარებს დღეს იქნება მსჯელობა უმრავლესობის ფარგლებში. უმრავლესობის წევრები გაივლიან ამ საკითხებს და ცვლილებების შესახებ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია ექნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინვე მთავრობისთვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა.

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს. უმრავლესობის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

 

დატოვე კომენტარი