გიორგი ხანიშვილი - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ბიუჯეტი წელს 50 მილიონ ლარამდეა
გიორგი ხანიშვილი - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ბიუჯეტი წელს 50 მილიონ ლარამდეა

მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ბიუჯეტი 50 მილიონ ლარამდეა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილიმა განაცხადა.

მისივე თქმით, მავნებლის წინააღმდეგ სახელმწიფო პროგრამა სამ ძირითად თეზისს ეყრდნობა.

„პირველი, ეს არის მთლიანად საქართველოში ფერომონების საშუალებით, მასიური და საყოველთაო მონიტორინგი. 100 ათასზე მეტი ფერომონი განთავსდება და ყოველკვირეული მონიტორინგი იქნება. ჩვენ გვეცოდინება აზიური ფაროსანა სად, როგორ და რა კონცენტრაციით ვრცელდება. მეორე ძირითადი პოსტულატი ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობა, ფერმერები თავის ნაკვეთებს თვითონ დაამუშავებენ და დამუშავებისთვის საჭირო რეკომენდაციებს სახელმწიფოსგან მიიღებენ. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ სახელმწიფო, რომელიც აძლიერებს ავტოპარკს – 2018 წლისთვის დაახლოებით 152 საშუალება გვექნება, რითიც მილიონ ჰექტრამდე საჯარო სივრცეს დავამუშავებთ. ეს ადგილები კერძო საკუთრება არ არის, მაგრამ მისი დამუშავება აუცილებელია, რათ აზიური ფაროსანას გავრცელება მაქსიმალურად შეიზღუდოს“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარე ღონისძიებები გარემოს დაცვის მოთხოვნების შესაბამისად, მკაცრად განხორციელდება.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, ბიუჯეტის მოცულობა 2018 წლის ღონისძიებებისთვის დაახლოებთ 50 მილიონი ლარია.

„ტექნიკის შესაძენად, შესასხურებლებისა და მათი გადამტანი საშუალებებისთვის დაახლოებით 20 მილონი ლარი დაიხარჯება, 16 მილიონ ლარამდე თანხა წამალს მოხმარდება, რომელიც საჯარო სექტორის დამუშავებას მოხმარდება. დარჩენილი 15 მილიონი საწვავის შეძენას და მომსახურე პერსონალის დაქირავებაზე დაიხარჯება. ამავე ბიუჯეტით საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის 2 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. მილიონ ნახევარ ლარზე მეტი კი მეცნიერული კვლევებისთვის არის გამოყოფილი“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გიორგი ხანიშვილის განმარტებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, ბიოლოგიური მწერის საქართველოში შემოყვანა მეცნიერული კვლევების გარეშე არ მოხდება. მისი თქმით, ქართველი მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის ესპანეთის, შვეიცარიის, იტალიის, ამერიკის, კანადისა და თურქეთის გამოცდილებას გაიზიარებენ.

„ როდესაც მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნა გვექნება, მხოლოდ შემდეგ ვიფიქრებთ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმაზე”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მისი თქმით, მოკლე ხანში სახელმწიფო სტრუქტურა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად მთლიანად მზად იქნება.

როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა,  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა იმ ბუნებრივი კლიმატური პირობების შესაბამისად დაიწყება, როგორი გაზაფხულიც იქნება.

მისი თქმით, თუ გაზაფხული ძალზე თბილი იქნება, აზიური ფაროსანა ზამთრის რეჟიმდან ადრე გამოვა და ღონისძიებების დაწყება ადრე გახდება საჭირო.

„თუ ისეთივე ცივი და წვიმიანი იქნება, როგორიც 2016 და 2017 წლების გაზაფხული, მაშინ ღონისძიებებს შედარებით გვიან დავიწყებთ. სახელმწიფო დღეს ახორციელებს იმ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პროცედურებს, რომელიც წამლის, დანადგარებისა და დანადგარის გადამტანის ყიდვას ეხება. სულ მოკლე ხანში სახელმწიფო სტრუქტურა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად მთლიანად მზად იქნება”, – განაცხადა ხანიშვილმა.