გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - რაჭაში ტყე არ გაყიდულა, არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - რაჭაში ტყე არ გაყიდულა, არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ტყუილია, თითქოს რაჭაში გაიყიდა ტყე. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად.

„რაჭაში ტყე არ გაყიდულა. ლიცენზია გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას ხუთ მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის.

რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას, ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ პროცესი. არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს – შევხვდით რაჭაში, ასევე, წერილობით გავუგზავნეთ ინფორმაცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ, მედიაშიც გავავრცელეთ ინფორმაცია. სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, შესაბამის ვადებში.

რაც შეეხება ლიცენზიის გაყიდვას ან გასხვისებას, დღეს როცა საუბარია ლიცენზიის გაუქმებაზე, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ლიცენზიის ვერც გაყიდვა და ვერც გაჩუქება. სააგენტოსთვის ამ დროისთვის არავის მოუმართავს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციას მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ მართავენ. როგორც აქციის წევრები აცხადებენ, ისინი მოითხოვენ 2022 წელს გაცემული ლიცენზიის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, რაჭის ტყეები 49-წლიანი იჯარით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროსთან აქციაზე 11 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.