სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო ამოქმედდა
სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო ამოქმედდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კომპანიის, „ცაცია ოსტატის“ ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 100,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,  სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 79,000 ლარია. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და გაერო-ს განვითარების პროგრამის, „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორი გიორგი ციმინტია ახლადგახსნილ საწარმოში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

„საწარმოში ხუთი ადგილობრივია დასაქმებული. კომპანიის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება; უახლოეს მომავალში იგეგმება პროდუქციის ექსპორტიც. „სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა არის საშუალება, რომ სოფლად მცხოვრებელ მოსახლეობას დავეხმაროთ, შექმნან დოვლათი და ეკონომიკურად გაძლიერდნენ“, – აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირეტორის მოდგილემ, ნატალია ხარატიშვილმა.

გაერო-ს განვითარების პროგრამის, „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორის, გიორგი ციმინტიას განცხადებით, ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა, უკვე მრავალი წელია, ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარებას, ახალი შესაძლებლობების შექმნას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. „სოფლის განვითარების პროგრამა“ ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში განხორციელდა. „სოფლის განვითარების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტომ, ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) ფარგლებში განახორციელა. სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 77 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 7.8 მილიონ ლარს აღემატება.