რუსთავში ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა
რუსთავში ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, რუსთავში ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ცენტრალური ზონა მოიცავს ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებსა და მცხეთის მუნიციპალიტეტს.

მათივე ცნობით, შემუშავებულ გეგმაში გაწერილია მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება ცენტრალურ ზონაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.

„აღნიშნული გეგმის მთავარი პრიორიტეტებია სამრეწველო, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორიდან გამოწვეული დამაბინძურებლების შემცირება. წარმოდგენილი მართვის გეგმა ასევე ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაფართოება, ჰაერის დაბინძურების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით” ფარგლებში, ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა და მასში, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ქ. რუსთავის მერიის ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, კერძო სექტორის, მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.