გიორგი კანდელაკი - ლიეტუვაში პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არის დისკუსია, რომელი ივლის ევროპული საბჭოს სხდომებზე, პავილიონისის მიმართ კრიტიკას შიდა პოლიტიკური ელფერი აქვს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, ახლა ლიეტუვაში პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომელი მათგანი ივლის ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომებზე და ჟიგიმანტას პავილიონისის მიმართ ლიეტუვის პრეზიდენტის კრიტიკას შიდა პოლიტიკური ელფერი აქვს.
„მინდა, შევეხო ლიტვის პრეზიდენტის კრიტიკას ჟიგიმანტას პავილიონისის მიმართ, რაც აიტაცა ხელისუფლების პროპაგანდამ და ერთი ჟრიამული ჰქონდათ. მე ლიტვის პოლიტიკის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ რამდენადაც მესმის, ლიტვაში გარკვეული შიდაპოლიტიკური დისკუსიებიც არის. მე რომ წავიდე მეგობრულ ქვეყანაში და იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ასეთი კრიტიკის ქარცეცხლი დამატეხოს, ბუნებრივია, გაჩნდება კითხვები, რაღაც შარი ხომ არ არის, რაღაც შეცდომა ხომ არ იქნა დაშვებული. რამდენადაც მე მესმის, ახლა ლიტვაში არის დისკუსია პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შორის, რომელიც წარმოადგენს კიდეც მმართველ პარტიას, რომელი მათგანი ივლის ევროპული საბჭოს სხდომებზე ბრიუსელში და რაღაც შიდაპოლიტიკური ელფერი აქვს ამ კრიტიკას. ამაზე შორს არც არის საჭირო წასვლა. ლიტვის მთავრობის პოზიცია ცალსახაა და პარლამენტის სპიკერმა, კოალიციის წევრმა განცხადებით ეს ძალიან ნათლად გამოხატა“, – აღნიშნა გიორგი კანდელაკმა „მთავარი არხის“ ეთერში.
რაც შეეხება კითხვას, რა კრიტიკა ისმის პავილიონისის მიმართ, კანდელაკი პასუხობს: „რაღაც შეცდომა ხომ არ დაუშვა, ამხელა ხმაური რომ იყო“.
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „შესაძლოა, დაზიანდა მათი, როგორც შუამავლის იმიჯი საქართველოში“
„ნებისმიერ შუამავლობას უნდა მოჰქონდეს სარგებელი და არა – ზიანი. ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, იძულებული ვარ, განვაცხადო, რომ ზიანი დადგა და შესაძლოა, დაზიანდა ჩვენი, როგორც შუამავლის იმიჯი საქართველოში“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.