მედიის ცნობით, უკრაინელი დეპუტატი კირა რუდიკი და ლიეტუველი პარლამენტარი ჟიგიმანტას პავილიონისი ტაივანში ჩავიდნენ
მედიის ცნობით, უკრაინელი დეპუტატი კირა რუდიკი და ლიეტუველი პარლამენტარი ჟიგიმანტას პავილიონისი ტაივანში ჩავიდნენ

უკრაინელი დეპუტატი და პარტია „გოლოსის“ ლიდერი, კირა რუდიკი ტაივანში ჩავიდა. ტაივანის მედიის ინფორმაციით, ეს არის უკრაინის პარლამენტის წევრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ტაივანში. კირა რუდიკი „მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისთვის გლობალურ ასამბლეაში“ უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.

ამასთან, ტაივანში იმყოფება ლიეტუვის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჟიგიმანტას პავილიონისიც.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტაივანში უკრაინის პარლამენტარების დელეგაცია უნდა ჩასულიყო, თუმცა უმაღლეს რადაში ტაივანთან საპარლამენტო მეგობრობის დამყარებამ უკრაინაში ჩინეთის საელჩოს უკმაყოფილება გამოიწვია.

მედიის ცნობით, კითხვას იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ უკრაინისადმი ტაივანის მხარდაჭერამ კიევის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის გადახედვა გამოიწვიოს, კირა რუდიკმა განაცხადა, რომ უკრაინულ დიპლომატიაში შესაძლოა, „დიდი ცვლილება“ მოხდეს, მაგრამ მთავარი აქცენტი ახლა ომის მოგებაზეა.

„უკრაინის ჩინეთის პოლიტიკა მუდმივად იცვლება და პრიორიტეტი ახლა არის იმის უზრუნველყოფა, რომ ჩინეთი არ იყოს ჩართული ომში. იმის გამო, რომ არ არსებობს იმის პირდაპირი ნიშნები, რომ პეკინი მხარს უჭერს მოსკოვს, უკრაინის ლიდერები სავარაუდოდ შეინარჩუნებენ ჩინეთის პოლიტიკას ისე, როგორც არის ახლა“, – თქვა რუდიკმა.

ამასთან, ღონისძიებაში ონლაინ რეჟიმში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ალექსანდრე მერეჟკო.