ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს
ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს

ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს. დოკუმენტის ტექსტი სოციალურ ქსელში ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავიოლიონისმა გამოაქვეყნა.

რეზოლუციაში ლიეტუველი დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო. მათი თქმით, კანონი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვისკენ და არსებითად რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის ეკვივალენტურია. ლიეტუველის დეპუტატების თქმით, საქართველოში მიღებული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და დემოკრატიულ პრინციპებს.

დოკუმენტში გამოთქმულია წუხილი, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არ არის თანხვედრაში საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებთან და საქართველოს გაცხადებულ მიზნებთან, ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს. მათვე თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებებს შესაძლოა, სეროზული გრძელვადიანი შედეგი მოჰყვეს საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაციისა და დემოკრატიისთვის.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „ლიეტუველი დეპუტატები მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს, რომელიც იცავს საკუთარი მოსაზრების გამოხატვის თავისუფლებას და საქართველოს ევროპულ მომავალს“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „სეიმი მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გამოყენებას, ასევე, ცილისმწამებლურ, დაშინების ორგანიზებული კამპანიას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობას“.

ლიეტუველი დეპუტატების თქმით, „მსგავსი ქმედებები, რომლებიც მიმართულია მშვიდობიანია შეკრებების და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობისკენ, მიუღებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში“. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ლიეტუვის სეიმის წევრები შეახსენებენ საქართველოს მმართველ პარტიას, რომ მოუწევს პასუხისმგებლობის აღება დემოკრატიული საზოგადოებების პრინციპების დარღვევებზე, რომლებიც შეუსაბამოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის დაწესებულ პოლიტიკურ კრიტერიუმებთან.

ლიეტუველი დეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, „გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, ჩაერთოს მასთან დიალოგში და დაიცვას კონსტიტუციური ვალდებულება, რომელიც გულისხმობს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციასა და საჭირო რეფორმების გაგრძელებას“. ამასთან, ლიეტუვის სეიმის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, „განიხილონ საპასუხო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა, თუ საქართველოს მთავრობა უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, გააგრძელებს კანონის იმპლემენტაციასა და სამოქალაქო საზოგადოების დევნას“.