გიორგი კანდელაკი -  მოუთმენლად ველოდებით დანიელსონის ჩამოსვლას და სხვა მეგობრების ძალისხმევას, რათა დათქმული ვადისთვის შეთანხმება შედგეს
გიორგი კანდელაკი - მოუთმენლად ველოდებით დანიელსონის ჩამოსვლას და სხვა მეგობრების ძალისხმევას, რათა დათქმული ვადისთვის შეთანხმება შედგეს

მოუთმენლად ველოდებით როგორც დანიელსონის ჩამოსვლას საქართველოში, ასევე სხვა მეგობრების ძალისხმევას, რათა  დათქმული ვადისთვის შეთანხმება იყოს  უკვე შემდგარი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, წითელი ხაზებით საუბარი კარგს არავის არაფერს მოუტანს.

„პრეზიდენტმა მიშელმა დაადგინა ის მაქსიმალური ვადა, რა ვადაშიც უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობამ საკუთარი პოზიცია, ეთანხმება თუ არა მიშელის მიერ წარმოდგენილ ექვსპუნქტიან ჩარჩოს, რომელშიც შედის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.

ჩვენ მოუთმენლად ველოდებით როგორც დანიელსონის ჩამოსვლას საქართველოში, ასევე სხვა მეგობრების ძალისხმევას, რათა ამ დათქმული ვადისთვის უკვე შეთანხმება იყოს შემდგარი. წითელი ხაზებით საუბარი კარგს არავის არაფერს მოუტანს, აგერ არის ჩარჩო, ვადა და თუ მათ არ უნდათ მაგიდის აყირავება, დათანხმდნენ ამ ჩარჩოს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი.

კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით მიანიჭა.

ევროპული საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა და დიალოგით დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებს გამართავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დანიელსონი ​მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევის მიზნით.