გიორგი კანდელაკი - „ევროპული საქართველო“ მიესალმება ლევან კობერიძის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ
გიორგი კანდელაკი - „ევროპული საქართველო“ მიესალმება ლევან კობერიძის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ

მივესალმებით ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის გუნდის დასუსტებას გამოიწვევს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ლევან კობერიძის საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

გიორგი კანდელაკის თქმით, ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მიესალმება ლევან კობერიძის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ.

„მივესალმებით ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის გუნდის დასუსტებას გამოიწვევს. რაც შალვა შავგულიძესა და ლევან მურუსიძეს შორის გუშინდელმა დებატებმაც აჩვენა, როცა ივანიშვილმა პოლიტიკურ დებატებში მოსამართლეები ჩართო. „ქართული ოცნება“ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ასეთი ნაბიჯების იმედად არ ვართ. პირველ რიგში, ჩვენი ამომრჩევლებისა და ხალხის იმედად ვართ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჯერ 19 მაისს, შუალედურ არჩევნებზე ეტყვის, შემდეგ კი უკვე მთლიანად არჩევნების გზით „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გაისტუმრებს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

საპარლამენტო უმრავლესობა ლევან კობერიძემ დღეს დატოვა. დეპუტატის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება. კობერიძე ამბობს, რომ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.

ლევან კობერიძემ დღეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა. პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო.