გიორგი ჯაოშვილი - ფინანსურ პოლიციაში მამაჩემს „იმედის“ წილების გადაფორმებას აიძულებდნენ
გიორგი ჯაოშვილი - ფინანსურ პოლიციაში მამაჩემს „იმედის“ წილების გადაფორმებას აიძულებდნენ

2007 წელს ტელეიმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მთაწმინდის პარკის დირექტორის, გოგი ჯაოშვილის შვილი სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიკითხა.

როგორც გიორგი ჯაოშვილმა განაცხადა, მამისგან იცოდა, რომ ბადრი პატარკაციშვილის გამო მათ ოჯახზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

„2007 წელს მამაჩემისგან ვიცოდი, რომ ბადრი პატარკაციშვილის გამო ხორციელდებოდა ზეწოლა. ეს გამოიხატებოდა იმით, რომ მრავალი თვე დაკითხვაზე დაჰყავდათ, მანქანებით დაგვყვებოდნენ. 2008 წლის 12 თებერვალს დავრუნდი საქართველოში, აეროპორტიდან რომ მოვდიოდით, მოგვყვებოდა ერთი მანქანა, რომელიც სულ დაგვყვებოდა. 19 თებერვალს მამაჩემი სახლში დაბრუნდა გვიან ღამით და მთხოვა აეროპორტში წასვლა. გზაში ესაუბრებოდა ჯოზეფ ქეის და მას სთხოვდა, მის გარეშე არ გაფრენილიყო. რუსთაველზე ახლოს წამოგვეწია მანქანა და გაგვაჩერებინა. შემდეგ მოვიდა თეთრი ნივა. ვიღაცები ჩაგვისხდნენ მანქანაში და გვითხრეს წავსულიყავით. ამის შემდეგ წავედით და რომ გავაჩერეთ, გადმოვიდნენ მანქანებიდან, მამაჩემს ფიზიკური შეურაცხყოფით წაართვეს ტელეფონი და ჩატენეს მანქანაში“, – განაცხადა მოწმემ.

გიორგი ჯაოშვილმა ასევე განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ ისინი ფინანსურ პოლიციაში წაიყვანეს, სადაც, როგორც შემდეგ გაირკვა, ტელეიმედის წილების საკითხს უკავშირდებოდა.

„გვიან ღამე მივედით ფინანსურ პოლიციაში, მამაჩემი შეიყვანეს და 10-15 წუთის განმავლობაში უწყვეტად მოდიოდნენ მანქანები. დილის 06:00 საათამდე მე და დედაჩემი ველოდებოდით მამაჩემს, გამოვიდა გაფითრებული. ჩემთვის მერე გაირკვა, რომ ეს უკავშირდებოდა „იმედის“ გადაფორმებას და აიძულებდნენ ხელის მოწერას“, – განაცხადა გიორგი ჯაოშვილმა.

გოგი ჯაოშვილის შვილის განცხადებით, მამამისი „იმედის“ წილების საკითხზე ასევე დაბარებული იყო ნოტარიუსთანაც.

ტელეიმედში შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე ექსპრეზიდენტი და ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული. მათ შორის ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი.