ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“ 8 ნოემბრის აქციისა და ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ თავდახმისა და ძალადობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„2020 წლის 8 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედი“ პროფესიული სტანდარტისა და ჟურნალისტური ეთიკის სრული დაცვით აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, მოგვიანებით კი ცესკო-ს შენობასთან დაწყებულ საპროტესტო მღელვარებას, რომლის დროსაც, „იმედის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, ოპოზიციის ლიდერების მხრიდან განხორციელდა პირდაპირი თავდასხმა. რომ არა პოლიცია, არავინ იცის, რა შედეგით დასრულდებოდა 8 ნოემბერი „იმედის“ თანამშრომლებისთვის.

აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ანუკი გუმბერიძეს. მას აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ყელში წვდა და მის დახრჩობას ცდილობდა. ანუკი აქციის მონაწილეების ერთმა ნაწილმა იხსნა საფრთხისგან. აგრესიის და ჩაგვრის ობიექტი იყო ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე. მას თავისუფლად გადაადგილებისა და მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და მუქარის ფონზე უხდებოდა მოვლენათა ეპიცენტრიდან მუშაობა. „იმედის“ ჟურნალისტის ყველა კითხვას, ცინიზმითა და აგრესიით პასუხობდნენ ოპოზიციის ლიდერები. გიგი უგულავა ჟურნალისტ რუსა შელიას ლამის ფიზიკურად გაუსწორდა და აქციის მონაწილეები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში ქვებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, თავისი ქცევით წაახალისა, რომ მომხდარიყო ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტზე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო პერიოდში გახშირდა ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლა, შეურაცხმყოფელი რეპლიკები და მუქარა, რომ როგორც კი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, „იმედს“ დახურავენ. ტერორმა კამპანიის სახე მიიღო სოციალურ ქსელებშიც: „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ აქტივისტები, ხშირად ყალბი გვერდებით, თავს ესხმიან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებს და ავრცელებენ ფეიკ-ნიუსს „იმედის კვირისა“ და „იმედინიუსის“ სახელით.

ჟურნალისტების შეურაცხყოფაში მონაწილეობდნენ ის ფიგურები, რომელთა ანგარიშზეცაა 2007 წლის 7 ნოემბერს მოქალაქეების უმოწყალო დარბევა და ტელეკომპანია „იმედის“ ეგზეკუცია. ეს უპასუხისმგებლო ლიდერები დღესაც აგრძელებენ ბულინგისა და სიძულვილის ენის გამოყენებას და მედიის დაშინებას, რაც აფერხებს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას და ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს – დემოკრატიულ მედიაგარემოს.

ტელეკომპანია „იმედი“ სოლიდარობას უცხადებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის ჟურნალისტებზეც ანალოგიურად ხორციელდება ზეწოლა და მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს საქართველოში, დიპლომატიურ კორპუსს, რომ სკრუპულოზურად შეისწავლონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მედიაზე განხორციელებული ტერორის ფაქტებზე.

ტელეკომპანია „იმედი“ არ შეცვლის თავის სარედაქციო პოლიტიკას და კვლავინდებურად გააგრძელებს პროფესიული სტანდარტის დაცვით მუშაობას. #აქიმედია #გარეჯისაქართველოა!“, – აღნიშნულია „იმედის“ განცხადებაში.