ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სამი მოწმე გამოიკითხა
ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სამი მოწმე გამოიკითხა

ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სამი მოწმე გამოიკითხა. ყოფილი მაღალჩინოსნების, მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ.

დღეს დაიკითხნენ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის საბრძოლო დანაყოფის სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ აზარაშვილი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანის ყოფილი დირექტორი დავით ვეფხვაძე და იუსტიციის სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელი ლაშა არველაძე, რომელიც საერთაშორისო დავების დეპარტამენტში მუშაობდა.

„იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანის მიერ საერთაშორისო დავის საკითხზე ვიყავი ჩართული რომელიც ეხებოდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დავას. საუბარი იყო რამდენიმე კომპანიაზე, მათ შორის, „ლინქსის“ და ასევე „ტელეიმედის“ უკან დაბრუნებაზე. დავა იყო 400 მილიონი ლარის შესახებ. სახელმწიფო აბრუნებდა სადავო ქონებებს „იმედის“ გარდა, თუმცა არ მახსოვს, სახელმწიფოს განკარგვაში იყო თუ კერძო პირისგან მოხდა გამოსყიდვა“, – განაცხადა იუსტიციის სამინისტროს ყოფილმა წარმომადგენელმა ლაშა არველაძემ.

დავით ვეფხვაძის თქმით, კომპანია „სალფორდ საქართველოში“ იყო და ირაკლი რუხაძემ აცნობა, რომ „ქართულ ფოლადში“ უნდა დანიშნულიყო დირექტორად.

„ჩემი დანიშვნა „ქართულ ფოლადში“ მოხდა „კოლხი ბიზნეს გრუპის“ ხელმძღვანელის, კონსტანტინე ყიფიანის მიერ. რთული მდგომარეობა დამხვდა ქარხანაში, დაახლოებით 80 მილიონი ლარის დავალიანებები ჰქონდა. სანამ დავინიშნებოდი, წინა დღეს 600 ათასი ლარი ჩემი ინფორმაციით ჯოზეფ ქეიმ გაიტანა ქეშად, თუმცა რა დანიშნულებით, ჩემთვის უცნობია. ჩემი დანიშვნის შემდეგ მთავარი ფუნქცია იყო, რომ ქარხნის რეაბილიტაცია მომეხდინა. დანიშვნა სავარაუდოდ უკავშირდებოდა პატარკაციშვილების ოჯახის და მთავრობას შორის დავის დასრულებას“, – განაცხადა კომპანია ქართული ფოლადის ყოფილმა დირექტორმა დავით ვეფხვაძემ.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, კოდუასგან მიიღო დავალება, თბილისში ჩასულიყო.

„ის ფილარმონიასთან ვნახე. ჩვენ რომ მივედით, აქცია დაშლილი იყო და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები უკვე დგებოდა. შემდეგ მეტეხის ხიდთან მივედით და მარცხენა სანაპირო უნდა ჩაგვეკეტა. სამოქალაქო ფორმებში ვიყავით ჩაცმული. საღამოს მივიღე ბრძანება, მივსულიყავით მოდულის შენობასთან და იქიდან ტელეკომპანია „იმედში“ წაგვიყვანეს. ბატონი კოდუა ვნახე შესასვლელთან. მითხრა, რომ გავსულიყავით გარეთ და იქ ვმგდარიყავით“, – განაცხადა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის საბრძოლო დანაყოფის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა.

მორიგი სასამართლო სხდომა 6 მარტს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.