ყოფილი სპეცრაზმელი კარლო მიქაძე - ტელეკომპანია „იმედში“ შესვლისას დამხვდა ასეთი სურათი - ვიღაც მოქალაქეები და ჟურნალისტები მიწაზე იყვნენ, უკვე ხელები ჰქონდათ აწეული
ყოფილი სპეცრაზმელი კარლო მიქაძე - ტელეკომპანია „იმედში“ შესვლისას დამხვდა ასეთი სურათი - ვიღაც მოქალაქეები და ჟურნალისტები მიწაზე იყვნენ, უკვე ხელები ჰქონდათ აწეული

შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას ბრალდების საქმეზე ყოფილი სპეცრაზმელი კარლო მიქაძე იკითხება. კოდუას დაქვემდებარებაში მყოფი შემადგენლობის ყოფილმა წევრმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, სწორედ ხელმძღვანელის ბრძანებით, სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა, სადაც მოწმის თქმით, რამდენიმე კონკრეტული მითითება მიიღო.

„2007 წელს სპეცდანიშნულების რაზმში ვმუშაობდი. ჩვენი უფროსი ერეკლე კოდუა იყო. სამსახურში ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მცირე ტრავმა მივიღე. 7 ნოემბერს ამ მიზეზით სამსახურში დავრჩი და მოვლენებს ტელევიზორიდან ვაკვირდებოდი. დღის მეორე ნახევარში ჩვენი მეთაური მივიდა და დაჟინებით ითხოვა მეც წავეყვანე. თქვა, რომ ბევრი ახალგაზრდა ჰყავდა და არ იცოდნენ სპეცტექნიკასთან მუშაობა. მეც ვუთხარი, რომ მხნედ ვიყავი და წავყევი. წავედით ლესელიძიდან მეტეხისკენ. იქ იყო ქვების სროლა, გინება ჩვენი მისამართით, ჩვენ კი ბრძანება მოგვივიდა, გამოგვეყენებინა სპეცტექნიკა. რაღაც მომხვდა თავში, გადამიყვანეს სასწრაფო მანქანასთან, დროებით შემიჩერეს ჭრილობა, თუმცა საავადმყოფოში არ გავყევი და დავბრუნდი იქ, სადაც ჩვენი თანამშრომლები იყვნენ.

შემდეგი ბრძანება იყო ტელეკომპანია „იმედში“ მისვლა. დაგხვდა ასეთი სურათი – ვიღაც მოქალაქეები და ჟურნალისტები მიწაზე იყვნენ, უკვე ხელები ჰქონდათ აწეული. „იმედში“ რომ შევედი, უკვე არეულობა იყო, ყვირილი, წივილი, გადატრიალებული მაგიდები, სკამები, კომპიუტერები. იქით-აქეთ გარბოდნენ. ერთ-ერთი ქალბატონი, ალბათ თანამშრომელი იყო, შიშის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა, სკამზე დავსვით, ერთჯერადი ჭიქით წყალი მივუტანეთ. შემდეგ კოდუა დავინახე, ელაპარაკებოდა „იმედის“ თანამშრომელ გიორგის თარგამაძეს. კოდუამ თქვა, რომ გასათიში იყო სატელევიზიო ანძა, ე.წ. თეფში, დაბლა ყველაფერი გასათიშიაო​. ჩავედით ქვემოთ, ჩავამტვრიეთ კარები, აღმოჩნდა, რომ იქ საწყობი იყო და ამოვტრიალდით უკან. ბრძანება იყო, გარეთ გავსულიყავით, სადაც გამაფრთხილებელი გასროლების გაკეთება მოგვიწია, იქ იყვნენ ჟურნალისტები. ამასობაში მოვიდა სხვა რაზმიც და გასასვლელი ჭიშკარი ჩაკეტეს. გარეთ 40 წუთი ვიყავით და შემდეგ იყო ბრძანება, რომ ღონისძიება დასრულდა და დისლოკაციის ადგილზე დავბრუნებულიყავით“, – განაცხადა ყოფილმა სპეცრაზმელმა, კარლო მიქაძემ.

ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე ერეკლე კოდუა უკვე მეექვსე ბრალდებულია. 2007 წელს ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი იყო. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“. დააზიანეს აპარატურა, ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ერეკლე კოდუას ორ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი. ამჟამად ის ოფიციალურად ძებნილია.

ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის ეპიზოდთან ერთად გაერთიანებულია 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმე და ბადრი პატარკაციშვილის წილების დათმობის ეპიზოდი. ამ დრომდე არსებით განხილვაშია მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმე. ყოფილ მაღალჩინოსნებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.