გიორგი ჯანჯღავა - დავადგინეთ სტამბოლში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობის ადგილმდებარეობა, ვიწყებთ კონსულტაციებს შენობაზე აბრის განსათავსებლად
გიორგი ჯანჯღავა - დავადგინეთ სტამბოლში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობის ადგილმდებარეობა, ვიწყებთ კონსულტაციებს შენობაზე აბრის განსათავსებლად

დიდი ხნის კვლევა-ძიების შემდეგ საბოლოოდ დავადგინეთ სტამბოლში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის ადგილმდებარეობა, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჯანჯღავა აღნიშნავს, „ამჟამად ვიწყებთ კონსულტაციებს თურქულ მხარესთან, რათა აღნიშნულ შენობაზე განთავსდეს შესაბამისი აბრა რამდენიმე ენაზე“.

„ძვირფასო მეგობრებო, მსურს გაგიზიაროთ მორიგი სასიხარულო და საინტერესო ინფორმაცია: დიდი ხნის კვლევა-ძიების შემდეგ საბოლოოდ დავადგინეთ სტამბოლში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის ადგილმდებარეობა.

როგორც ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი, 1919 წლის დასაწყისში სტამბოლში ჩვენი პირველი წარმომადგენლობა განთავსდა სასტუმროში Pera Palace (წარმომადგენლად მოკავშირეთა არმიის სარდლობასთან და ოსმალეთის მთავრობასთან დაინიშნა გრიგოლ რცხილაძე). იმავე წლის განმავლობაში მისიამ მდებარეობა რამდენჯერმე შეიცვალა. ხოლო 1919 წლის მიწურულიდან 1921 წლის ბოლომდე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა განთავსებული იყო სტამბოლის ბეიოღლუს რაიონის, პერას უბანში, კერძოდ, საქსის ქუჩაზე (Rue Saksi No14) და სწორედ ამ შენობაში დაჰყო ყველაზე ხანგრძლივად. აღსანიშნავია, რომ წარმომადგენლობასთან აგრეთვე ფუნქციონირებდა საკონსულო, კონსულ იოსებ გოგოლაშვილის ხელმძღვანელობით. მოგვიანებით, ჩვენმა მისიამ გადაინაცვლა შიშლიში, ფერიქოის ქართული კათოლიკური ეკლესიის მახლობლად (1921-24 წლებში სტამბოლში საქართველოს მთავრობის რწმუნებული იყო კონსტანტინე გვარჯალაძე).

წლებთან ერთად, რასაკვირველია, შეიცვალა სტამბოლის ქუჩების სახელწოდებები და ასევე, შენობების ნუმერაცია. კვლევისას,გავეცანით სხვადასხვა საარქივო მასალასა და ძველ თუ ახალ რუკებს. აქვე, მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარსა და მკვლევარს Emir Fidan-ს, გარკვეული დეტალების დაზუსტებაში გაწეული დახმარებისთვის.

ამჟამად ვიწყებთ კონსულტაციებს თურქულ მხარესთან, რათა აღნიშნულ შენობაზე განთავსდეს შესაბამისი აბრა რამდენიმე ენაზე“, – წერს თურქეთში საქართველოს ელჩი.