გიორგი გვიმრაძე - სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში ხშირად ყალიბდება ყალბი რეალობა, რომელიც განსხვავდება ჯგუფის გარეთ არსებული სოციალურ-პოლიტიკური რეალობისგან
საზოგადოებრივი მაუწყებელი არ მიეკუთვნება რომელიმე დახურულ ჯგუფს ან საზოგადოების კონკრეტულ ნაწილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი მისია ერის გაერთიანებაა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ თბილისში მიმდინარე ეუთო-ს მედიაკონფერენციაძე განაცხადა.
„ბევრი ჩვენგანი გაერთიანებულია სოციალური ქსელების სხვადასხვა ჯგუფში. თუმცა, რაშია პრობლემა ამ დახურულ ჯგუფებთან დაკავშირებით – ისინი ზოგჯერ ქმნიან ერთგვარ საზოგადოებებს და ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ამ საზოგადოებაში, გულწრფელად და რბილად რომ ვთქვათ, ცოტა განსხვავდება ამ საზოგადოების, ჯგუფის გარეთ არსებული რეალობისგან. სამწუხაროდ, ზოგჯერ ამ ჯგუფის წევრები ხდებიან მოწყვეტილი არსებით სოციალურ და პოლიტიკურ რეალობას. ამგვარად, მათი ქცევები შედარებით განსხვავებულია, ისინი დაშორებული არიან სოციალურ და პოლიტიკურ რეალობას. ეს ადამიანები განსხვავებულად იქცევიან დემოკრატიულ პროცესებში, პოლიტიკურ პროცესებში. არჩევნებისას ისინი განსხვავებულად აძლევენ ხმას, რა დროსაც ეფუძნებიან დახურულ საზოგადოებაში, დახურულ ჯგუფში ჩამოყალიბებულ საკუთარ გაგებას, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, განსხვავდება რეალობისგან და ზოგადი ინფორმაციისგან“, – აღნიშნა გიორგი გვიმრაძემ.
საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა ამ კონტექსტში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე მდგარ გამოწვევაზეც ისაუბრა.
„რაში მდგომარეობს გამოწვევა, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის? საზოგადოებრივი მაუწყებელი არ მიეკუთვნება რომელიმე დახურულ ჯგუფს ან საზოგადოების კონკრეტულ ნაწილს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი მისია ერის გაერთიანებაა. ეს ასეა ყველა ქვეყანაში, სადაც არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი. მაგალითად, ეს არის „ბიბისის“ მიზანი. ჩვენ და ბევრ სხვა საზოგადოებრივ მაუწყებელს გვაქვს ერთი და იგივე ამოცანა – ერის გაერთიანება. თუმცა, როდესაც გვაქვს ბევრი დახურული ჯგუფი და დახურული საზოგადოება, ამ მიზნის მიღწევა სულ უფრო და უფრო რთული ხდება. სულ უფრო რთულია იმ საზოგადოებებთან ჩართულობა, რომლებიც დახურულია და, რომლებსაც საკუთარი რეალობა აქვთ, მოდით, ვთქვათ ასე – დახურულ ჯგუფში ჩამოყალიბებული ყალბი რეალობა, რადგან ჯგუფებში წევრიანდებიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ ერთად ყოფნა და ამ ჯგუფებში არ აღწევს განსხვავებული ტიპის ინფორმაცია. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომლის ხაზგასმაც მე მსურდა“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.
თბილისში ეუთო-ს მედიაკონფერენცია იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანი რეგიონში მედიის თავისუფლების გაძლიერებაა.