გიორგი გვიმრაძე - „42-ე პარალელი“ არის საერთაშორისო მოვლენების ანალიზზე ორიენტირებული გადაცემა
„42- ე პარალელი“ არის საერთაშორისო მოვლენების ანალიზზე ორიენტირებული გადაცემა. 42-ე პარალელი გლობუსზე საქართველოს კოორდინატებია, – ამის შესახებ გადაცემა „42-ე პარალელის“ წამყვანმა და ავტორმა, გიორგი გვიმრაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ანუ, გადაცემაში ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ადგილი უჭირავს საქართველოს გარესამყაროსთან მიმართებაში. როგორია პარალელები და რა გავლენას ახდენს ესა თუ ის მოვლენა საქართველოზე“, – განაცხადა გვიმრაძემ.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება სტრატეგიულ პარტნიორებს მიექცევა.
„განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, თუ რა ხდება იქ, როგორ იგეგმება პოლიტიკა, როგორ განიხილება ესა თუ ის საკითხი, როგორია მათი გავლენა იმ საზოგადოებაზე და მისგან გამომდინარე – გარესამყაროზე“, – განაცხადა გვიმრაძემ.
გიორგი გვიმრაძემ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება საქართველოს სამეზობლოზე, რომლის გაშუქებაც მედიასივრცეში არც თუ ისე ხშირად ხდება.
„პირველ გადაცემაში, საკმაოდ დიდი დრო დაეთმობა სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 2 მარტს გაიმართება. ეს არჩევნები ძალიან საინტერესოა იმ პარალელიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება, ჩვენთან გავავლოთ. სომხეთმა ასევე გაატარა საკონსტიტუციო რეფორმა და ისინი საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავიდნენ. ესაა პირველი არჩევნები, სადაც პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ. ასე რომ, საქართველოსთან გარკვეული მსგავსება, პარალელები არსებობს“, – განაცხადა გვიმრაძემ.
ამასთან, გვიმრაძის განცხადებით, წამყვანი, რომელიც ამ შემთხვევაში თავად არის, საზოგადოებას ისტორიებსა და ანალიზს იმ ფორმატიდან მიაწვდის, რომ ამ ამბებით თვითონაა დაინტერესებული, თვითონ მიდის და ცდილობს გაიგოს, ამა თუ იმ რეალობაში ესა თუ ის მოვლენა რას ნიშნავს.
ტელეჟურნალი პირველი არხის ეთერში 3 მარტიდან, შაბათობით, 21:30 საათზე გავა.