გიორგი გვიმრაძე - 26 თებერვლიდან პირველი არხის საინფორმაციო სამსახური ახალ, თანამედროვე და ინტეგრირებულ ნიუსრუმში გადადის
გიორგი გვიმრაძე - 26 თებერვლიდან პირველი არხის საინფორმაციო სამსახური ახალ, თანამედროვე და ინტეგრირებულ ნიუსრუმში გადადის

26 თებერვლიდან საინფორმაციო სამსახური ახალ, თანამედროვე და ინტეგრირებულ ნიუსრუმში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი ლოგიკურ წერტილამდე მივიდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და პოლიტიკური ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პროექტზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა. გარემონტდა და განახლდა პირველი კორპუსის მესამე სართული. იქიდან გამომდინარე, რის საშუალებასაც ამ შენობის მდგომარეობა გვაძლევს, მაქსიმალურად ვეცადეთ, ამ ყველაფრისთვის სივრცე გაგვეხსნა, რადგან ინტეგრირებული ნიუსრუმი გულისხმობს გახსნილ სივრცეს და ღია კომუნიკაციას იმ თანამშრომლებთან, რომლებიც ახალ ამბებს, საზოგადოებრივ–პოლიტიკურ გადაცემებს აკეთებენ“, – განაცხადა გვიმრაძემ.

მისი თქმით, ახალგარემონტებულ სართულზე გადავა მთელი ბლოკი, პირველ რიგში ის ადამიანები, რომლებიც ახალი და მიმდინარე ამბების მიმართულებით შინაარსზე მუშაობენ.

ნელ–ნელა, ამას ე.წ. ნიუსრუმის სისტემაც დაეწევა, რომელმაც ნიუსრუმის მუშაობაში ინტეგრაციისა და კომუნიკაციის პროცესს ხელი ბოლომდე უნდა შეუწყოს“, – განაცხადა გვიმრაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მთავარი გახსნილი სივრცეა, რომელიც მეტი კომუნიკაციისა და კოორდინაციის საშუალებას იძლევა ყველა იმ პროექტს შორის, რომელიც ბლოკში შედის და რომელიც სხვადასხვა პლატფორმაზე საზოგადოების ინფორმირებას უზრუნველყოფს.

„ამ შემთხვევაში, ტელე და რადიო პლატფორმებთან ერთად, რა თქმა უნდა, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერნეტ პლატფორმაა. სულ ახლახანს ჩაეშვა და ჩვენს მაყურებელსა და მობილური პლატფორმების მომხმარებელს საშუალება აქვს, Apple-სთვის და Android-სთვის ნიუსის მობილური აპლიკაცია ჩამოტვირთოს. ის სატესტო რეჟიმშია და ცხადია, ბევრი რამ გასაახლებელი, შესაცვლელი იქნება, მაგრამ მთავარია, ის უკვე არსებობს, ჩვენს ვებპლატფორმასთან, 1tv.ge-სთან პირდაპირაა მიბმული და იმის არეკვლა, რაც 1tv.ge–ს სივრცეში მიმდინარეობს, მობილური პლატფორმისთვის პირდაპირ ხდება. შესაბამისად, მობილური პლატფორმის მომხმარებლებისთვის იმ ახალი ამბების მიღება, რომელსაც მათთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ამზადებს, გაცილებით გაადვილებულია“, – განაცხადა გვიმრაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და პოლიტიკური ბლოკის დირექტორმა ასევე თქვა, რომ ახალი შენობა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს სულ ცოტა ხანში ექნება, ნიუსრუმის პროექტის დაგვირგვინება იქნება, რადგან ახალი შენობის კონცეფტში, ბოლო ორი სართულის დიდი ნაწილი ნიუსრუმს დაეთმობა და თანამშრომლებისთვის, რომლებმაც ამ სივრცეში უნდა იმუშაონ, საერთოდ სხვა სინამდვილის შეათავაზება მოხდება.