გიორგი გახარია - წლის ბოლოსთვის შსს-ს რეფორმების შედეგები ხელშესახები იქნება და დანაშაულის სტატისტიკაზეც აისახება
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ წლის ბოლოსთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების შედეგები ხელშესახები იქნება და ის დანაშაულის სტატისტიკაზე აისახება. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენების შემდეგ დეპუტატების კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა.
„ჩვენ თავიდანვე, მთავრობის დამტკიცების პერიოდში ვთქვით, რომ კრიმინალის სტატისტიკას გამოვაქვეყნებდით. დღევანდელი კრიმინალის სტატისტიკა, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ არის რეალისტური თუ არა, შინაგანი რწმენის თემაა. ყველას კარგად გვესმის, რომ სტატისტიკა არის ერთი, მაგრამ თითოეული რიგითი პოლიციელის მოქმედება მიწაზე, ადგილზე არის მეორე. ჩვენ ახლა მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დანაშაულის აღრიცხვის დამალვის არც ერთი ფაქტი არ იყოს. თითოეულმა პოლიციელმა იცის ერთი რამ, რომ ეს არის ის გადაცდომა, რომელიც არასდროს არავის არ ეპატიება. შესაბამისად, ჩვენ ახლა გვესმის ერთი რამ, რომ სტატისტიკა, რომელიც დღეს არის, არის მაქსიმალურად ობიექტური. ჩვენ ხომ არ გვეშინია იმის და ვამბობთ, რომ მაგალითად კვარტალური სტატისტიკით დღეს ჩვენ კრიმინალში ზრდა გვაქვს წინა წელთან შედარებით 39 პროცენტით, რაც სერიოზული ციფრია. უბრალოდ ამას აქვს მარტივი ახსნა: ჩვენ ვამბობთ, რომ იმისთვის, რომ ის რეფორმების გეგმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, იყოს ადეკვატური ასახვა იმ გამოწვევების, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ.
უბრალოდ, გვჭირდება სურათის სწორი შეფასება, სტატუსის დაფიქსირება, შემდგომ გამოწვევის შეფასება, გეგმის დასახვა და მოქმედება. ამიტომ, ვერანაირ აზრს ვერ ვხედავდით იმაში, რომ ეს სტატისტიკა დაგვემალა. მით უმეტეს, რომ ასევე გულწრფელად გეუბნებით, რომ იმ რეფორმების გეგმის, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, გვჯერა. როდის იქნება ამ რეფორმების შედეგი? მე აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ წლის ბოლოსთვის რეფორმების შედეგი იქნება უკვე ხელშესახები და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს შედეგი აისახება სტატისტიკურ მონაცემებზეც.
ეს ვერ იქნება ისეთი ვარდნა, როგორიც თქვენ მაგალითი მოიყვანეთ – 20 პროცენტიანი ერთ წელიწადში, რა თქმა უნდა ეს ასე არ იქნება, უნდა იყოს საკმაოდ მდგრადი და სტაბილური კლება, თუმცა გონივრული“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.