ნათია მეზვრიშვილი - ქუჩურ მენტალიტეტთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტები წელს გაზრდილია და მთავარ გამოწვევად რჩება
ნათია მეზვრიშვილი - ქუჩურ მენტალიტეტთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტები წელს გაზრდილია და მთავარ გამოწვევად რჩება

ქუჩურ მენტალიტეტთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტები, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს გაზრდილია და მთავარ გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დანაშაულის 2018 წლის სტატისტიკის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ კატეგორიის დანაშაული მთლიანად ძალოვანი უწყებების და მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევაა.

„არის დანაშაულების კატეგორია – ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, სადაც ციფრებში ზრდა შეინიშნება და ეს არის რეალურად დღეს არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით, კანონი გამკაცრდა და მთელი რიგი ქმედებების კრიმინალიზაცია მოხდა 2018 წელს.

„ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება, რისთვისაც შსს მზად არის. კრიმინალური ბუნების მქონე დანაშაულები არის გამოწვევა, რაც ქუჩურ მენტალიტეტს უკავშირდება, რასაც შსს აღიარებს და 2019 წელსაც მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.