ნათია მეზვრიშვილი - შსს-მ 2018 წელს დანაშაულის აღრიცხვიანობა მკვეთრად გააუმჯობესა
ნათია მეზვრიშვილი - შსს-მ 2018 წელს დანაშაულის აღრიცხვიანობა მკვეთრად გააუმჯობესა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2018 წელს დანაშაულის აღრიცხვიანობა მკვეთრად გააუმჯობესა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 2018 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

მისი განმარტებით, აბსოლუტურად ყველა ფაქტი, რომელიც ოდნავ მაინც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რეგისტრირდება როგორც დანაშაული.

„აბსოლუტურად ყველა ფაქტი, სადაც პოლიციას მცირედი ეჭვი მაინც გააჩნია, რომ სახეზეა დანაშაული, რეგისტრირდება როგორც დანაშაული და დღეს მე მოვიყვანე რამდენიმე მაგალითი და ახლაც მინდა, რომ მაყურებელმა კარგად გაიგოს, რაზეა საუბარი. მაგალითად, ადამიანები, როდესაც მოგვმართავენ და გვეუბნებიან, რომ მათ მობილური ტელეფონი ან რაიმე ნივთი დაკარგეს, გუშინ თუ ამაზე გამოძიება არ იწყებოდა, დღეს ამაზე გამოძიებას ვიწყებთ. ადამიანები, რომლებიც მოდიან და გვეუბნებიან, რომ დაემუქრნენ – მიუხედავად იმისა, რომ ეს შეტყობინება ცალკე აღებული დანაშაულის ნიშნების შემცველი არ არის, იურისტები კარგად გაიგებენ ახლა მე რაზე ვსაუბრობ, გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს.

მაგალითად, როდესაც პოლიცია მიდის შემთხვევის ადგილზე და ნახავს, რომ გარდაცვლილია ხანშიშესული ადამიანი და შემთხვევის ადგილზე აბსოლუტურად ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დანაშაულს რეალურად ადგილი არ ჰქონია, ადამიანი რეალურად ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, გამოძიებას ვიწყებთ და ვიწყებთ იმიტომ, რომ არ დარჩეს ერთი შემთხვევაც კი, სადაც ხვალ შეიძლება დაზარალებულს, ოჯახის ახლობელს რაიმე პრეტენზია ან ეჭვი ჰქონდეს, მაგალითად, მკვლელობასთან მიმართებით. ამიტომ, ჩვენ ვწევთ იმის რისკს რომ ათობით, ასობით და ათასობით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დავიწყოთ ერთი ფაქტის დაურეგისტრირებლობის რისკის ფასად. ანუ ყველა ამ შეტყობინებაზე გადაწყვეტილება მიიღება გამოძიების დაწყების სასარგებლოდ.

ახლა რაზე მოდის რეალურად მატება – მატება მოდის ძირითადად საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე. ჩვენ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მატების 75% მოდის იმ დანაშაულებზე, რომელთა აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა, ეს არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთა შორის წამყვანია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, კლება გვაქვს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში. ეს არის მუქარა, იძულება, თაღლითობა, ის დანაშაულები, რომლის აღრიცხვიანობა 2018 წელს 2017 წელთან შედარებით გავაუმჯობესეთ. ანუ საუბარია სტატისტიკური ზრდის 75%-ზე, ამიტომ როდესაც ციფრებს ერთმანეთს ვადარებთ, უბრალოდ არ არის სწორი, 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების 2017 წელთან შედარება, რადგან  2017 წელს განსხვავებულად ხდებოდა დანაშაულის აღრიცხვა, 2018-ში განსხვავებულად ხდება. სწორი იქნება რომ ჩვენ შევადაროთ, 2019 წლის ციფრები 2018 წლის ციფრებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.