გიორგი გახარია - მძიმე დანაშაულის ნაწილში დინამიკა გვაქვს უცვლელი ან კლების, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი 2001 წლიდან
გიორგი გახარია - მძიმე დანაშაულის ნაწილში დინამიკა გვაქვს უცვლელი ან კლების, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი 2001 წლიდან

მძიმე დანაშაულის ნაწილში დინამიკა გვაქვს უცვლელი ან კლების, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი 2001 წლიდან, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი გახარიამ სხვადასხვა ტიპის დანაშაულის მატება-კლების დინამიკის შესახებ ისაუბრა.

„მძიმე დანაშაულის ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს, რომ ჩვენ გვაქვს უცვლელი, ან კლების დინამიკა. ვსაუბრობთ მკვლელობებზე, სხეულის მძიმე დაზიანებებზე, ყაჩაღობებზე და ა.შ. აქ, სადაც საქმე ეხება ორგანიზებულ ან მძიმე დანაშაულს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი 2001 წლიდან – 2017 და მათ შორის 2018 წლებიც. ისეთი დანაშაული, როგორიც არის საკუთრების წინააღმდეგ დანაშაული და ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაული, ვგულისხმობ სხეულის მსუბუქ დაზიანებებს, ხოლო საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულში ვგულისხმობ ძირითადად ქურდობებს, აქ გვაქვს გარკვეული ზრდა. ეს ზრდა ახსნადია სხვადასხვა თემებით და კიდევ ერთხელ, რომ არ მივცე სპეკულირების საშუალება ჩვენს ოპონენტებს, არ ვამბობ, რომ ეს ზრდა გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკის გაუმჯობესებით, ვამბობთ, რომ აქ არის უფრო სიღრმისეული პრობლემებიც. დღეს ქვეყანაში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების 62 პროცენტი მოდის ასეთ დანაშაულზე, უფრო მარტივად რომ ვთქვა დანაშაულის ერთი მესამედი არის ქურდობა. ყოველი მესამე დანაშაული არის ქურდობა, მიუხედავად იმისა, რამდენად მძიმეა. შეიძლება, იყოს ელემენტარული წვრილმანი დანაშაული, მაგრამ ჩვენ ამას ვარეგისტრირებთ. ხშირ შემთხვევაში ხდება აღრევა, მაგალითად ყაჩაღობისა და ქურდობის. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა დნმ-ის მატარებელი დანაშაულია, სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ. შემიძლია, აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა ქურდობა და ეს როგორც მოგახსენეთ, ეს არის ყოველი მესამე დანაშაული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.