ვახტანგ გომელაური - ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2 160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა, დღეს ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები
ვახტანგ გომელაური - ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2 160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა, დღეს ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები

ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2 160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა. დღეს ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები, დაიქცა ქვეყანა მაშინ, როცა ჩვენს დროს ეს მაჩვენებელი ძალიან დაწეულია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სტატისტიკა საჯაროა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ნახოს.

„სულ ყოველთვის არის საუბარი, რომ იმატა დანაშაულმა, დაიქცა ქვეყანა, დავბრუნდით 90-იან წლებში. ხშირად მაქვს გაკეთებული კომენტარი, რომ ეს არ არის ასე. სტატისტიკა საჯაროა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ნახოს, თუმცა არა, დარწმუნებული ვარ, შესულებიც არიან, ნანახიც აქვთ 10 000-ჯერ, შეკრებილი და შეჯამებულიც აქვთ, თუმცა არ უნდათ, დაიქცა ქვეყანა, ასეა საჭირო. ჩემს გამოსვლაშიც აღვნიშნე, მაგალითად, ყაჩაღობის 42%-იანი კლების მაჩვენებელი არის ძალიან დიდი ციფრი.

თვალსაჩინოებისთვის, მინდა, ერთი-ორი სიტყვით გითხრათ: 2006 წელს დაიწყო სტატისტიკის წარმოება, ბატონი ვანო მერაბიშვილის დროს, როცა მინისტრი ბრძანდებოდა. იმ წელს, ერთ წელიწადში მოხდა 2 160 ყაჩაღობა და დღეს გაქვს 135 შემთხვევა, შარშან იყო 152 შემთხვევა. იგივე, 2007 წელს იყო 1 208, 1 008, 700. ეს ჩვენი შევსებული არ არის. ეს არის მათივე შევსებული და დღეს ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები, დაიქცა ქვეყანა, მაშინ, როცა ჩვენს დროს მაჩვენებელი ძალიან დაწეულია. იგივე შემიძლია ვთქვა, გახსნის მაჩვენებელი რომ იყო 35-40 %. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი დაწერილი არ არის, სტატისტიკა დევს, შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ. გახსნის მაჩვენებელი დღეს არის 70%, 71%, 65% , ვსაუბრობ 2018, 2017, 2016 წლის მაჩვენებელზე. ეს არის მათი უბედურება, არ უნდათ დანახვა. მხოლოდ ყაჩაღობის მაგალითი მოვიყვანე ახლა. იგივე ვითარებაა გამოძალვისა და ძარცვის შემთხვევაშიც. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ჩვენ გვეუბნებიან, რომ დაიქცა ქვეყანა, 90-იანი წლები დაბრუნდა და ა.შ. სამწუხაროა, ასე რომ უდგებიან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.