გიორგი გახარია - შესაბამისი ქმედება გატარდება ყველას მიმართ, ვისზეც ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ეჭვი არსებობს
გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ გიორგი ჭანტურია ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, რომელსაც სოსო ქუთათელაძესთან კავშირი ჰქონდა.
„მინდა გითხრათ, რომ გამოძიება ასრულებს თავის ფუნქციას. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბატონი ჭანტურია იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელსაც ბატონ ქუთათელაძესთან კავშირი ჰქონდა და ამიტომ გამოძიება გააგრძელებს თავისი ფუნქციის შერულებას ყველა სახით. ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელზეც ეჭვი არსებობს, შესაბამისი ქმედებები გატარდება“, – განაცხადა შსს-ს მინისტრმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა მის მოადგილეს შემხებლობა საქმესთან, მინისტრმა განაცხადა, რომ მისი პირველი მოადგილე არის სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი და პირდაპირ ასრულდებდა თავის ფუნქციას.
„ჩემი პირველი მოადგილე გახლავთ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, ის პირდაპირ ასრულებდა თავის ფუნქციას და გააგრძელებს ამ ფუნქციების შესრულებას. არანაირ გადამეტებას იქ ადგილი არ ჰქონია. თუ თავდასხმის ტაქტიკა არის საუკეთესო თავდაცვა და ეს იქნება არჩეული, ამას ჩვენზე არანაირი ზემოქმედება არ ექნება. ჩვენი ამოცანა არის ეს საქმე იყოს გახსნილი და ამას მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა გახარიამ.
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, გიორგი ჭანტურიას აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული და ეთქვა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა. მისი თქმით, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, ჭანტურიაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას შს მინისტრის პირველი მოადგილე ახდენდა.
გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს. მკვლელობის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.