საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გამოძიება იქნება მკაცრი და ობიექტური.
მისი თქმით, ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 12 დაშავებული ბათუმის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
„გარდაცვლილია 11 ადამიანი. დაახლოებით 10-12 ადამიანი იმყოფება სამკურნალოდ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანები ცეცხლიდან გამოიყვანეს. მინდა, ყველას სამძიმარი გამოვუცხადო იმ დანაკლისის გამო, რომელიც დღეს გვაქვს. ხანძრის კერა ლოკალიზებულია. მაშველები ატარებენ სამუშაოებს, რათა ყველა სართული შეამოწმონ და შეაფასონ მდგომარეობა. თუმცა, ჯერ კიდევ არ შეგვიძლია იმის დადასტურება, რომ ხანძრის კერა საბოლოოდ ლიკვიდირებულია. ამის დადასტურებასაც რამდენიმე წუთში ველოდებით“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, მაშველები სართულებს ამოწმებენ.
„სამწუხაროდ, ჩვენ ახლა არაფრის გამორიცხვა შეგვიძლია. მიმდინარეობს სართულების შემოწმება. ჯერ ყველა სართული დათვალიერებული არ არის. შესაბამისად, საბოლოო ვერდიქტის გამოტანა ჯერ ადრეა. სამუშაოებს დასჭირდება რამდენიმე საათი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველაზე ცენტრული ზონები ნანახია, თუმცა არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია“, – განაცხადა გახარიამ.
როგორც მინისტრმა განაცხადა, პროკურატურამ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
„ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანძრის მიზეზებზე შესაბამისმა უწყებებმა, კერძოდ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უმკაცრესი გამოძიება. შემიძლია განვაცხადო, რომ გამოძიება ობიექტური და მკაცრი იქნება. მოგეხსენებათ, მსგავს და შეუსაბამო ნორმებთან, რომელსაც კანონმდებლობა აწესებს, არის უაღრესად მძიმე დარღვევა ნორმების, შესაბამისად, მკაცრად უნდა იყოს დასჯილი“, – აღნიშნა მინისტრმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გამოძიების მუხლი გადაკვალიფიცირდა. თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება-განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. ამჟამად კი, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.