„რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის ვებგვერდზეა განთავსებული.
„რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანომ, საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა. თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით. ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით, ეს შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყვას (არჩევანი, P.S.)“, – აღნიშნულია ტელეკომპანიის ინფორმციაში და ასევე მითითებულია, რომ გადაწყვეტილების დასაბუთებული ტექსტი მოგვიანებით „რუსთავი 2“-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
„რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს „პოსტსკრიპტუმის“ დაწყებისას გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. მოგვიანებით, ამ საკითხზე ტელეკომპანიამ განცხადება გაავრცელა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული მიმართვა შეაფასა, „როგორც პროვოკაცია, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილი, მიმართული საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“. საკითხს გამოეხმაურნენ ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვები.
გიორგი გაბუნიას მონოლოგი მოქალაქეთა ნაწილმაც გააპროტესტა და „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო, შეეწყვიტა მაუწყებლობა „რუსთავი 2“-ს, ბოდიში მოეხადათ. მოგვიანებით, მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ტელეკომპანიასთან აქცია გამთენიისას დასრულდა.
„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე განაახლა და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.