ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დღეს დილით, 07:30 საათიდან განაახლა. მაუწყებლობა წუხელ შეწყდა და ეთერი დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში იყო გათიშული.

მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ტელეკომპანია არ განაახლებდა მაუწყებლობას, ვიდრე „არხის უსაფრთხოება არ იქნებოდა დაცული“. მისივე თქმით, „რუსთავი 2“-თან აქცია არის ხელისუფლების მართული და პირდაპირი მცდელობა არხში შეჭრისა და ხელში ჩაგდების.

წუხელ „რუსთავი 2“-თან აქცია გაიმართა, რომელიც სოციალური ქსელით დაიგეგმა. პროტესტის მიზეზი ტელეკომპანიის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგი გახდა.

აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტელეკომპანიამ ბოდიში მოიხადა და მაუწყებლობა შეაჩერა. აქციის მონაწილეთა თქმით, მესამე მოთხოვნა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან რეაგირებაა და თუ მსგავს რეაგირებას ადგილი არ ექნება, აქცია კვლავ დაიგეგმება.