„რუსთავი 2“-ის ოფისთან აქცია დასრულდა
„რუსთავი 2“-ის ოფისთან აქცია დასრულდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან აქცია დასრულდა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი ორი მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილდა, კერძოდ, გიორგი გაბუნიას მონოლოგის გამო ბოდიშის მოხდა და არხის მაუწყებლობის შეჩერება.

აქციის მონაწილეთა თქმით, მესამე მოთხოვნა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან რეაგირებაა და თუ მსგავს რეაგირებას ადგილი არ ექნება, აქცია კვლავ დაიგეგმება.

„მოთხოვნები იყო, რომ მაუწყებლობა შეეწყვიტათ, ბოდიში მოეხადათ და ასევე, იყო საქმის წარმოება, სამართლებრივად საქმის დაძვრა. ჯერ არ არის სრულად დაკმაყოფილებული. უნდა გათენდეს, სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე უნდა დაიწყონ. თუ ეს არ დაკმაყოფილდება, შემდეგ უკვე ყველა, როგორც აქ ერთად გადაწყვიტა საზოგადოებამ, ისევ იგივენაირად გადაწყდება, სოციალურ ქსელში გავრცელდება, აქ შევიკრიბებით. თუ რა იქნება, ეს უკვე ხვალინდელი დღეა. აქ შეკრებილი არც ერთი ადამიანი არ არის რომელიმე პარტიის წევრი. აქ არიან ის ქართველები, რომლებიც სახლში ისხდნენ და ეს უმსგავსობა, რაც ნახეს ტელევიზორში, ადგნენ და მოვიდნენ აქ. ბევრი არ მოვიდა, რადგან ფიქრობს, რომ აქ მოსვლით შეიძლება, კლიშე მიმატებულიყო ვინმეზე, ვითომ „რუსეთუმეები“ არიან. შეგვეჯიბრონ საქართველოს სიყვარულში, საქართველოს პატრიოტიზმში და შეგვეჯიბრონ, როგორ უნდა დავიცვათ ეს ქვეყანა. საქართველოში არეულობის მოწყობა, რაც დღეს ამათ სცადეს, უნდა დაისაჯოს კანონით. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, რომ კანონმა იკანონოს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ასლან ცივაძემ.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, „რუსთავი 2“-ის ოფისთან იმ შემთხვევაშიც შეიკრიბებიან, თუ ტელეკომპანია დილიდან მაუწყებლობას განაახლებს.

„რუსთავი 2“-ის ოფისთან აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა. პროტესტის მიზეზი ტელეკომპანიის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგი გახდა.