სასამართლომ „რუსთავი-2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა
სასამართლომ „რუსთავი-2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სამოქალაქო სარჩელი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გოჩა დიდავამ მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, „რუსთვი-2“-ს ყადაღა მოეხსნა.

დავით დვალის განცხადებით, ყველა ვარიანტს უშვებდნენ, თუმცა დიდწილად ფიქრობდნენ, რომ სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებდა.

„ყველა ვარიანტს ვუშვებდი, რადგან ჩვენი არგუმენტაცია იყო ძალიან მყარი და პრეცედენტზე დაფუძნებული. ფაქტობრივად, ჩვენ გავიმეორეთ ქიბარ ხალვაშის სარჩელი, რომელიც ამ სასამართლომ თავის დროზე დააკმაყოფილა. შესაბამისად, ზუსტად იგივე სარჩელით შესვლის შემთხვევაში, სასამართლოს გაუჭირდებოდა, სხვა დასკვნა გამოეტანა. აქედან გამომდინარე, დღევანდელი დღე იყო საინტერესო იმ მხრივ, რას იტყოდა და როგორ იტყოდა. რა თქმა უნდა, დიდი პროცენტით ვფიქრობდით, რომ არ დააკმაყოფილებდა. იმ არგუმენტმა, რაც მოგვიყვანა, მართლა გაგვაოცა, რადგან მთელი ამ სხდომების განმავლობაში, ერთადერთი, რაზეც მეორე მხრიდან წინაღობა გვხვდებოდა, ფაქტობრივად იყო ხანდაზმულობა. იმით, რაც გააკეთა სასამართლომ, ჩვენ მოგვცა მესიჯი, გვითხრა, ხანდაზმულობაზე კი არ ვიდავებთ, ჩვენ თქვენს საქმეს არ განვიხილავთ, ასეა გადაწყვეტილი, ნუ წვალობთო. ჩვენ ყველა ინსტანციას გავივლით“, – განაცხადა დავით დვალმა.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, პირველ რიგში, სარჩელი იყო ხანდაზმული და არ დასტურდებოდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები.

სალიას თქმით, ჰქონდათ მოლოდინი, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.

„სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამის მოლოდინი გვქონდა. ჩვენი მთელი პოზიცია აგებული იყო იმაზე, რომ პირველ რიგში, სარჩელი არის ხანდაზმული და შესაბამისად, არ დასტურდებოდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები. პირველ რიგში, ჩვენ ხაზს ვუსვამდით ყოველთვის იმას, რომ თუ ვინმეს მიერ იყო იძულება, ეს ნამდვილად არ ყოფილა ქიბარ ხალვაში. მას არც შეიძლება, სცოდნოდა იმ მომენტისთვის და ეს მის ჩვენებაშიც არის ასახული, რომელიც სისხლის სამართლის საქმეშია მოცემული. სასამართლომ ბატონი კოჟორიძის მოთხოვნით მცირე განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი და განმარტა, რომ ქიბარ ხალვაში მიიჩნია კეთილსინდისიერ შემძენად. მოსარჩელე მხარე ბუნებრივია გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაატა სალიამ.

აქვე, პაატა სალიამ ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით განმარტებაც გააკეთა.

„სასამართლომ გაათავისუფლა ყადაღისგან, როგორც ქიბარ ხალვაშის დაყადაღებული წილები, ასევე „რუსთავი-2“-ის დაყადაღებული ქონება, მაგრამ თუ მეორე მხარე გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას, ავტომატურად ვერ მოხდება ამ ქონებების ყადაღისგან გათავისუფლება. ყადაღა დავის ბოლომდე დარჩება“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2“-ის 60%-პროცენტიანი წილის დაბრუნებას ითხოვდნენ. სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი დააყადაღა.