გიორგი დგებუაძე - თუ კუდ-ში პატარკაციშვილის ლიკვიდაციაზე საუბარი მართლაც შედგა, მას არ მოჰყოლია გაგრძელება
გიორგი დგებუაძე არ გამორიცხავს, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მართლაც ითათბირეს ბადრი პატარკაციშვილის თემაზე, თუმცა მისი თქმით, „თუ ეს საუბარი შედგა, მას არ მოჰყოლია გაგრძელება“.
ეს განცხადება გიორგი დგებუაძემ (მასტერამ) ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხვისას მას შემდეგ გააკეთა, რაც პროკურატურამ საქმის მთავარი მტკიცებულებები, ორი ფარული აუდიო ჩანაწერი პროცესზე მოასმენინა.
გამოძიების ინფორმაციით, ორივე ჩანაწერში „მასტერა“ ფიგურირებს. ერთი ჩანაწერი პროკურატურის მტკიცებით, კუდ-ში ჩატარებულ თათბირს ასახავს, სადაც დგებუაძე მონაწილეობს და პატარკაციშვილის მოწამვლის გეგმაზე საუბრობენ, მეორე ჩანაწერში კი ბრალდების მტკიცებით, „მასტერა“ პატარკაციშვილის დაცვის წევრს ბიზნესმენის მზარეულთა სიას და მის სასახლეში კამერების განლაგებას სთხოვს.
„შეიძლება იყოს, შეიძლება არა ეს ჩემი საუბარი. გამიჭირდება ხმის იდენტიფიკაცია. ვერავის ამოვიცნობ. სწორედ გამიგეთ, შეიძლება ხმები მივამსგავსო, მაგრამ რაშიც დარწმუნებული არ ვარ, ვერ ვიტყვი”, – განაცხადა დგებუაძემ.
დგებუაძე თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან ჩანაწერის შინაარსზე, სადაც გამოძიების მტკიცებით, ამ საქმეზე ბრალდებულები „მასტერასთან“ ერთად, პატარკაციშვილის ლიკვიდაციას ე.წ. მოდულის შენობაში გამართულ თათბირზე გეგმავენ.
„ვერ დავადასტურებ და ვერ უარვყობ ჩანაწერს“, – განაცხადა დგებუაძემ.
პროკურორმა შეახსენა, რომ ეს ჩანაწერი 2007 წლის 4 თებერვალს არის ჩაწერილი, თუმცა მოწმემ თქვა, რომ არ ახსოვს.
„შაროვი არ ყოფილა ჩართული არანაირ ღონისძიებაში. შეიძლება შევხვდი, მაგრამ მისგან არანაირი ინფორმაცია მე არ მიმიღია. ჩემს სამსახურებრივ მოვალეობაში არ შედიოდა ვინმეს მოწამვლა, ეს არ მდგარა დღის წესრიგში“, – განაცხადა დგებუაძემ.
მისივე თქმით,„დანაშაული არ განხორციელებულა. თუ ეს საუბარი შედგა, მას არ მოჰყოლია გაგრძელება”, – განაცხდა დგებუაძემ.
„მასტერა“ მსჯავრდებულია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც მისი ექსტრადირება საქართველოში ჰოლანდიიდან მოხდა.
კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილსბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადება. გამოძიება ამბობს, რომ კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმას ბიზნესმენის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე განიხილავდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.