გიორგი ცუცქირიძე - „ფიტჩმა“ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე პროცესებზე მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების პოზიტიურ ზეგავლენაზე
მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“, რომლის სარეიტინგო მაჩვენებლებზე დიდწილად ხდება ინვესტორთა პოზიციონირება, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა.
ეკონომიკის ექსპერტის, გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, დღეს კოვიდკრიზისის პირობებში, მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო კომპანიის ეს შეფასება რამდენიმე გარემოების გამო არის მნიშვნელოვანი.
მისი თქმით, კოვიდკრიზისი იმით განსხვავდება ყველა სხვა გლობალური კრიზისებისაგან, გასული საუკუნის 30 -იანი წლების დიდი დეპრესიიდან მოყოლებული, რომ მას საფუძვლად არ უდევს წმინდა ეკონომიკური სარჩული და არც ფინანსური ბაზრების კრიზისთან არის დაკავშირებული, რომელთა პროგნოზირებაც მეტ-ნაკლებად მოსალოდნელიც იყო. ეს არის პირველი გლობალური შოკი, რომელიც ვირუსულმა პანდემიამ გამოიწვია და ქვეყნების ეკონომიკების ჩაკეტვის გამო, მიწოდების და მოთხოვნის ჯაჭვების მკვეთრი გაწყვეტით წარიმართა. სწორედ ეს გაურკვევლობა იყო და გარკვეულწილად დღესაც არის, რომ პროგნოზირების შესაძლებლობას ამცირებს.
„სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილება იმითაც არის აღსანიშნავი, რომ გლობალური ეკონომიკის კონტექსტში, „ფიტჩის“ პროგნოზით, ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წელს 8%-ით შემცირდება, მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკის რეალური 4.8%-იანი კლების პროგნოზი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული იგივე პირველი კვარტლის პროგნოზთან შედარებით, რაც მინიმუმ 9%-იან კლებას ითვალისწინებდა, ხოლო უკვე 2021 წელს ეკონომიკის 4.5%-იანი ზრდააა მოსალოდნელი,“ – განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ გლობალური პანდემიის ეკონომიკებზე ნეგატიური ზეგავლენის შედეგად, „ფიტჩმა“ შეამცირა ისეთი წამყვანი და ჩვენზე გაცილებით დივერსიფიცირებული ეკონომიკის ქვეყნების დიდი ნაწილის სუვერენული რეიტინგი, როგორიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი და კანადა.
„გლობალური ეკონომიკის განვითარების კონტექსტში, „ფიტჩის“ პროგნოზით, ქვეყნის უახლოესი ორი წლის პერსპექტივა არის დადებითი, რაც ნიშნავს, რომ გაზრდილია საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა შოკების მიმართ, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მაკროპრუდენციულ ღონისძიებებთან ერთად, საფინანსო სექტორის სტაბილურობის და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოების თვალსაზრისით,“ – განაცხადა ცუცქირიძემ.