გიორგი ჭირაქაძე - ხელისუფლებას აქვს სწორი მიდგომა ბიზნესთან კომუნიკაციის მხრივ და სწორი სურვილი, მათი მხრიდან იყოს ობიექტური და ჯანსაღი ჩართულობა
ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან სწორი მიდგომა ბიზნესთან კომუნიკაციის მხრივ და ძალიან სწორი სურვილი, რომ მათი მხრიდან იყოს ობიექტური და ჯანსაღი ჩართულობა, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბიზნესასოციაციის წევრების შეხვედრაზე განაცხადა.
„ბატონო მამუკა, ჩვენ ძალიან ხშირად ვთანამშრომლობდით თქვენთან ჯერ კიდევ სხვა რანგში. დღეს პირველად გხვდებით, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ბიზნესში საკმაოდ ბევრი თემა და საკითხია დაგროვილი და იმედი გვაქვს, შევძლებთ ბევრ საკითხზე ვისაუბროთ. დარწმუნებული ვართ, ახალ რანგშიც ბევრ საინტერესო რეფორმას გაატარებთ. მზად ვართ, თქვენს გვერდით ვიყოთ“, – აღნიშნა გიორგი ჭირაქაძემ.
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ასევე იმედი გვაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი ასოციაციის წარმომადგენელთა შეხედულებებსა და მოსაზრებებს მოისმენს და შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინებს.
მისივე თქმით, ბიზნესი ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთან.
„მიუხედავად იმისა, რა ხდება ქვეყანაში და როგორ ხდება, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ დღევანდელი კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან სწორი. მიუხედავად პატარ-პატარა სირთულეებისა, რომელიც არსებობს, ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან სწორი მიდგომა ბიზნესთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით და ძალიან სწორი სურვილი, რომ მათი მხრიდან იყოს ობიექტური და ჯანსაღი ჩართულობა. დღევანდელი შეხვედრაც ამის კიდევ ერთი დასტურია“, – დასძინა გიორგი ჭირაქაძემ.