ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ აპრილის თვეში ეკონომიკის 44,8 პროცენტიანი ზრდა ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის
ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ აპრილის თვეში ეკონომიკის 44,8 პროცენტიანი ზრდა ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის

უაღრესად მნიშვნელოვანი და პოსტკოვიდური ეკონომიკის აღდგენისთვის გარდამტეხი მაჩვენებელი, რომელიც ბიზნესის საინვესტიციო აქტივობისთვის უმნიშვნელოვანესი პარამეტრის, ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის, – ასე ეხმიანებიან საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ აპრილის თვეში ეკონომიკის 44,8 პროცენტიან ზრდას.

„რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება რეალურად გვაძლევს იმის იმედს, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა უფრო სწრაფად მოხდება ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. ამას გარდა, დადებითი ტენდენციების ფონზე უნდა ვივარაუდოთ, რომ უკანასკნელ პერიოდში დაწყებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გამყარება არა დროებით, ხანმოკლე ცვალებადობას, არამედ კონკრეტული მიზეზებით გამოწვეულ ტენდენციას წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკის შემდგომი გახსნის პარალელურად, დამატებით გახდება ბიზნესის გაზრდილი აქტივობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული მიზეზი“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშია აცხადებენ, გაუმჯობესებული ვითარების შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების, ბიზნესოპერატორებისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რადგან დაჩქარებული ვაქცინაცია და შესაბამისი ნორმების დაცვა უნდა გახდეს ეკონომიკის შემობრუნების, ლარის კურსის გამყარებისა და ეკონომიკის შემდგომი ზრდის აუცილებელი გარანტი.