ევროპული ბიზნესასოციაციის წევრები ლევან დავითაშვილსა და კარლ ჰარცელს ხვდებიან
ევროპული ბიზნესასოციაციის წევრები ლევან დავითაშვილსა და კარლ ჰარცელს ხვდებიან

ევროპული ბიზნესასოციაციის წევრები საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად ხვდებიან.

როგორც აღინიშნა, შეხვედრის მონაწილეები ისაუბრებენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების შესახებ და ბიზნესსექტორს ექნება შესაძლებლობა, დიალოგის ფორმატში განიხილოს მიმდინარე საჭიროებები და გამოწვევები.

შეხვედრას ესწრებიან ევროპული ბიზნესასოციაციის წევრები სხვადასხვა ბიზნეს სექტორიდან, მათ შორის: საბანკო, სადაზღვევო, საფინანსო, სამშენებლო, სოფლის მეურნეობა და წარმოება.

ღონისძიება იმართება ევროპული ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვარ ამ შეხვედრაზე, რომელიც მოაწყო ბიზნესასოციაციამ იმის გათვალისწინებით, თუ რა უძღოდა ამას წინ. იმ აგრესიის გათვალისწინებით, რაც ხდება ახლა, საომარი მოქმედებები უკრაინაში, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ შემოიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და იმედი მაქვს, რომ ყველა ეს საკითხი განხილული იქნება და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. აქ მთავარია, რომ გაგრძელდეს რეფორმები და ძალისხმევა, რომ ეს რეფორმები განხორციელდეს, ასევე ახალი საბაზრო ურთიერთობების მოძიება.

რაც შეეხება ამ აგრესიის გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე, ეს ზეგავლენა, რა თქმა უნდა, დიდია იქედან გამომდინარე, რომ ტურისტული სეზონიც მოდის. ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება და ნამდვილად მოხარული ვარ, რომ ვნახე, გაფორმდა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულება. როგორ შეუძლია ევროკავშირს, დაეხმაროს ამ ეკონომიკურ საკითხებში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა DCFTA-თან (ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება) დაკავშირებით ყველა საკითხი ოპტიმალურად ხორციელდებოდეს. ასევე, საქართველოს აქვს თავისი დაკავშირებულობა სატრანსპორტო კავშირების კუთხით, რა პოზიციონირება ექნება საქართველოს, ამ ხაზით უკრაინის სიტუაციის გათვალისწინებით. ახლა ევროკავშირის მთავარი სამიზნე არის მწვანე ეკონომიკის განვითარება, ასევე დიგიტალიზაცია, ციფრული ეკონომიკა. მთავრობასთან ერთად ამ საკითხებზე ვმუშაობთ და ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

როგორც აღინიშნა, პროექტის „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ მიზანია ბიზნესის კოორდინირებული და აქტიური მოქმედებების წახალისება, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის განხორციელების ხელშეწყობა, აგრეთვე ევროკავშირის ეკონომიკური დიპლომატიის ინტერესების დაცვა.