გიორგი ჭელიძე - პოლიციას არ დავუპირისპირდებით, მაგრამ თუ პარლამენტის წინ სიტუაცია კონტროლიდან გავა, საპასუხო ზომებს მივიღებთ
გიორგი ჭელიძე - პოლიციას არ დავუპირისპირდებით, მაგრამ თუ პარლამენტის წინ სიტუაცია კონტროლიდან გავა, საპასუხო ზომებს მივიღებთ

პარლამენტთან გამართულ აქციას არ მივუახლოვდებით, რადგან პოლიცია არ მიგვიშვებს. ჩვენ კი არ ვაპირებთ სამართალდამცველებთან დაპირისპირებას. ამის შესახებ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მეთაურმა გიორგი ჭელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, თუ პარლამენტის წინ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებარება, ორგანიზაციის წევრები საპასუხო ზომებისთვის მზად არიან.

„ზვიად გამსახურდიას დროსაც ასე იყო, არავის ეგონა, რომ დაამხობდნენ, მაგრამ დაამხეს. ჩვენ ეს მწარე გაკვეთილი ვიწვნიეთ. გუშინ 9 აპრილის მემორიალზე ამ ადამიანების  როკვა უკვე იყო იმის ნიშანი, რომ შესაძლოა, სიტუაცია კონტროლიდან გაიქცეს. ამიტომ ვიქნებით მზად, რომ კიდევ უფრო ბრუტალურად ვიმოქმედოთ. ყველაფერი კარგად იქნება და ის დღის წესრიგი, რომელიც საუკუნეებია საქართველოში არსებობს, დაცული იქნება” – განაცხადა გიორგი ჭელიძემ და აღნიშნა, რომ „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და სხვა არასამთავრობოები სხვადასხვა მიზნებისთვის სოროსის მიერ ფინანსდებიან, თუმცა მის გეგმას საქართველოში აღსრულება არ უწერია.

ლონდონის ბაღში „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წარმომადგენლებმა ხელმოწერები შეაგროვეს და წევრების მონაცემები ჩაიწერეს, რათა საჭიროების შემთხვევაში, მათთან დაკავშირება სწრაფად მოხდეს. „ეს ადამიანები ეროვნული გვარდიის წევრები გახდებიან”- განუცხადა ჟურნალისტებს ორგანიზაციის წარმომადგენელმა.