„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს ბრალი წარედგინა
„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს ბრალი წარედგინა

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ბრალის წარდგენას დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკავებულის ადვოკატი ესწრებოდა. ჭელიძეს ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წარუდგინეს.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„ეს პროცესი არის წმინდა პოლიტიკური პროცესი. ჭელიძეს დევნიან პოლიტიკური მიზნით, არღვევენ მის უფლებას, აზრის და გამოხატვის თავისუფლებას. ეს პირველი შემთხვევა არ არის მისი უკანონოდ დაკავების. ჭელიძეს ცრუ ბრალი შეუთითხნეს საბძოლო ვაზნების ქონასთან დაკავშირებით, რაც არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნებით. ბრალს, რა თქმა უნდა, არ აღიარებს. საქმის მასალები გადმოგვეცა, რომელსაც ჯერ არ გავცნობივართ”, – აცხადებს ადვოკატი ბესარიონ ბოჭორიშვილი.

გიორგი ჭელიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ამ დროისთვის „საქართველოს ეროვნული ერთობის” ლიდერს ხუთი ადვოკატი იცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრი,  გიორგი ჭელიძე გუშინ დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 31 აგვისტოს სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.