კონტრაქციისას დაკავებული - ნატა ფერაძეს შევაფურთხე, თუმცა ამას წინ უძღოდა მისი მხრიდან ეკლესიის გინება და ჩვენი მისამართით შუა თითის ჩვენება
კონტრაქციისას დაკავებული - ნატა ფერაძეს შევაფურთხე, თუმცა ამას წინ უძღოდა მისი მხრიდან ეკლესიის გინება და ჩვენი მისამართით შუა თითის ჩვენება

ნატა ფერაძეს შევაფურთხე, თუმცა ამას წინ უძღოდა მისი მხრიდან ეკლესიის გინება და ჩვენი მისამართით შუა თითის ჩვენება, – ამის შესახებ გუშინდელი კონტრაქციის დროს დაკავებულმა გიორგი ანდღულაძემ სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ განაცხადა. მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო სხდომა 21 ივნისისთვის გადაიდო.

„ნატა ფერაძე ეკლესიას დედას აგინებდა, მღვდლებს შეურაცხყოფას აყენებდა და შუა თითი გვიჩვენა, ამის შემდეგ მან ჩვენთან გაიარა და ვუთხარი – ფუ, შენს ქალობას-მეთქი და შევაფურთხე, ამას ვაღიარებ. მეგონა, ამას მაბრალებდნენ, მაგრამ აქ გავიგე, რომ თურმე, პოლიციას შევაგინე და მისკენ გავიწიე. შეურაცხმყოფელი სიტყვა არ მითქვამს“, – განაცხადა ანდღულაძემ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს. ის სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ გათავისუფლდა.

თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს კიდევ ერთი დაკავებული გიორგი ოძელაშვილი, რომელიც დღეს მისი საქმის გადადების შემდეგ გათავისუფლდა.

„აქციაზე ვიღებდი ლაივს და როდესაც მონაწილეებს აკავებდნენ, დავინტერესდი, სად მიყავდათ. პოლიციისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. კითხვაზე, თუ სად მიყავდათ ალექსანდრე ფალავანდიშვილი, ხელის კვრა მივიღე პასუხად და შემდეგ დამაკავეს. დაკავების შემდეგ, მხოლოდ წყალზე ვართ, საჭმელიც კი არ გვიჭამია. დარეკვის უფლებაც კი არ მომცეს“,- განაცხადა გიორგი ოძელაშვილმა.

სასამართლომ დღეს პოლიციის წინააღმდეგობისთვის და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებული შვიდი პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე იმსჯელა. სამ პირს მოსამართლემ 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო ოთხი პირის საქმეზე სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევის მიზნით, 21 ივნისს გაგრძელდება.

პროცესების მიმდინარეობისას, სასამართლოში კონტრაქციის სხვა მონაწილეებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომლის თქმითაც, შვიდი პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ბრალის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა.

„გაოგნებული ვარ, პოლიციელები, რომლებმაც შეადგინეს ოქმები, სასამართლოზე არ ყოფილან. სხდომაზე იყვნენ ისინი, რომლებსაც არავითარი წარმოდგენა არ აქვთ ფაქტობრივ გარემოებებზე. ეს დაკავებები უკანონოა და ეს პროცესები შეიძენს რეზონანსს, რადგან პოლიციას მოუწევს მტკიცებულებების წარმოდგენა“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, ხვალ კონტრაქციის წარმომადგენლები სამების ტაძარში შეიკრიბებიან და სულთმოფენობას იზეიმებენ, შემდეგ კი გარკვეულ მოქმედებებს დაგეგმავენ. ხვალ საღამოს კი, 20:00 საათზე, ვერის ბაღში ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.