გიორგი ჭანტურიას საქმის განხილვა რუსთავის სასამართლოში 6 მაისს განახლდება
პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას საქმის განხილვა რუსთავის სასამართლოში ორშაბათს, 6 მაისს არის ჩანიშნული.
აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული საპატიმრო ვადის ამოწურვის შემდეგ, უცნობია, მივა თუ არა ჭანტურია სასამართლო სხდომაზე. მანამადე ის მედიის წარმომადგენლებთან კომენტარისგან თავს იკავებს.
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ გუშინ, გლდანის ციხიდან გათავისუფლდა. მას 20 ათასლარიანი გირაო შეეფარდა და გათავისუფლების შემდეგ გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა.
კერძოდ, მისი ადვოკატის ინფორმაციით, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ქუთათელაძე ვალდებულია სახლში იყოს 22:00 საათიდან დილის 07:00-მდე.
ადვოკატი ბექა ბასილაია პროკურატურის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, სასამართლოში დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს, ბრალდების მხარემ კი, უკვე გამოიკვლია მტკიცებულებები, რომლითაც ჭანტურიას ბრალეულობა დასტურდება.
„ის, რომ თითქოს დაცვის მხარე აჭიანურებს პროცესს, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი ვიკვლევთ მტკიცებულებებს და არც ერთი პროცესი ჩვენი მიზეზით არ ჩავარდნილა. ფაქტია, რომ ჭანტურიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ის მეორედ გაათავისუფლეს. საქმეში არსებული მასალები, გიორგი ჭანტურიას უდანაშაულობაზე მეტყველებს“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.