გიორგი ჭანტურიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით ოჯახი ხვალ პროკურატურას მიმართავს
გიორგი ჭანტურიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით ოჯახი ხვალ პროკურატურას მიმართავს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გიორგი ჭანტურიას შვილმა განუცხადა.
ვაჟის, გიორგი ჭანტურიას განცხადებით, ამ დრომდე საქმეში არ არსებობს დაზარალებული და არ დაკითხულა არც ერთი მოწმე.
„ფორმალური გამოძიება მკვლელობის დროს დაიწყო, თუმცა სასაცილოა, რომ ის ხელისუფლება იძიებდა გიორგი ჭანტურიას მკვლელობას. ვითხოვთ სრულფასოვან გამოძიებას და მივმართავთ წერილობით პროკურატურას. ამდენი წელი გავიდა და საქმეზე ერთი მოწმეც არ დაკითხულა, დაზარალებულის სტატუსიც არავის აქვს“, – აცხადებს გიორგი ჭანტურია.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი გიორგი ჭანტურია თბილისში 1994 წელს მოკლეს.
გიორგი ჭანტურიას 19 აგვისტოს 60 წელი შეუსრულდებოდა. ოჯახი გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურისთვის მიმართვას სიმბოლურად მის დაბადების დღეზე გეგმავს.