გიორგი ჭანტურია - დაკავების დროს ზეწოლას ახდენდნენ, რომ დანაშაული ჩემს თავზე ამეღო
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ ქუთათელაძე მკვლელობის დღეს ბაზარში ნახა და სწორედ ამის გამო გაუჩნდათ ეჭვი სამართალდამცავებს, რომ დანაშაული მან ჩაიდინა.
როგორც გიორგი ჭანტურიამ აღნიშნა, მკვლელობის დღეს ქუთათელაძესთან სატელეფონო კომუნიკაცია არ ჰქონია.
„სიცრუეა ის, რომ მე სოსო ქუთათელაძესთან დაპირისპირება მქონდა.
მკვლელობის დღეს ბაზარში ვიყავი და ვნახე კიდეც. ზუსტად ამან გაუჩინა ეჭვი სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დანაშაული ჩემი ჩადენილია. უკავშირებენ იმას, რომ წარსულში ეს ბაზრობა ჩვენი იყო და ჩამოგვართვეს.
მკვლელობის დღეს მასთან საერთოდ არ დამირეკავს. სავარაუდოდ, მკვლელობის დროს ბანკში ვიყავი და ეს მტკიცებულება ამოღებული აქვთ. ვისთან ჰქონდა უთანხმოება სოსო ქუთათელაძეს, არ ვიცი“, – განაცხადა ჭანტურიამ.
მისი თქმით, დღეს სამართალდამცველები თავის სახლში ჩხრეკის ჩატარებას აპირებენ, რათა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია მოახდინონ.
„მიმდინარეობს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. მაშინ ვერაფერი იპოვეს და ახლა მეორედ ჩხრეკენ. პარტიზანულად გაჩხრიკეს მანქანაც. დაკავების დროს მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ ეს დანაშაული ამეღო ჩემს თავზე“, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.