გიორგი ბახტურიძე - ჩვენი თხოვნაა, მოწევის ფაქტის დაფიქსირებისას არამწეველი მოქალაქე მწეველთან კონფლიქტში არ შევიდეს და ადმინისტრაციას მიმართოს
გიორგი ბახტურიძე - ჩვენი თხოვნაა, მოწევის ფაქტის დაფიქსირებისას არამწეველი მოქალაქე მწეველთან კონფლიქტში არ შევიდეს და ადმინისტრაციას მიმართოს

ჩვენი თხოვნა და მოთხოვნაა, მოწევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, არამწეველი მოქალაქე მწეველთან პირდაპირ კონფლიქტში არ შევიდეს, პირველ რიგში, ადმინისტრაციას მიმართოს და თუ ადმინისტრაცია ზომებს არ მიიღებს, პატრულს ამ შემთხვევაში დაუკავშირდეს, – განაცხადა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გააკონტროლოს პროცესი საზოგადოებამ, გიორგი ბახტურიძემ აღნიშნა, რომ მზადდება მობილური აპლიკაცია, რომელიც საიტზე ამ დღეებში აიტვირთება და ამ აპლიკაციით სარგებლობა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.

მისი თქმით, პოლიციის ექვსასამდე თანამშრომელი უკვე გადამზადდა და ამჟამად კიდევ ოთხასის გადამზადება მიმდინარეობს.

„ამ პროცესში ჩვენც ჩართული ვართ. პოლიციის მისია რეაგირება გახლავთ და მათი მხრიდან განწყობა საკმაოდ კარგია“, – განაცხადა ბახტურიძემ

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ პატრულის გამოძახებასა და ობიექტამდე მისვლას გარკვეული დრო სჭირდება, რის საფუძველზე დააჯარიმებენ ადამიანს, რომელსაც სიგარეტი ამ ხნის განმავლობაში უკვე მოწეული ექნება და ვის აქვს მტკიცების ტვირთი, რომ კანონდარღვევა მართლაც მოხდა, გიორგი ბახტურიძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, ორი ადამიანის ჩვენება საკმარისი იქნება, როგორც ეს ჩხუბის შემთხვევაში ხდება.

გიორგი ბახტურიძემ ასევე აღნიშნა, რომ უკვე არსებობს ინფორმაციით აღჭურვილი ასამდე მონიტორი, რომლებიც პერიოდულად ივლიან და ობიექტების მენეჯმენტს მოუწოდებენ, დარღვევა აღმოფხვრან.

„ისინი ადმინისტრაციას ეტყვიან, ვთქვათ, ეს ჩილიმი აქ არ უნდა იდგეს, სტიკერი შესასვლელში არ არის გამოკრული და ა.შ. კარგი იქნება, თუ მენეჯმენტი მათ თხოვნას, მითითებას გაითვალისწინებს და მდგომარეობას გამოასწორებს, ხოლო თუ არ გამოასწორებს, შესაძლოა, რემონიტორინგის დროს კავშირი შედგეს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც სტატისტიკურ ინფორმაციას უკვე შსს-ს მისცემს, რომ ამა და ამ ობიექტზე მოწევის ფაქტი ორჯერ, სამჯერ, თუ ოთხჯერ დაფიქსირდა. ასეთი ობიექტი მაღალი რისკის ხდება და პოლიციას უკვე შეეძლება, იქ პროაქტიურად შევიდეს“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 1-ელი ამოქმედდა.

საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი გასული წლის მაისში დაამტკიცა, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილის ამოქმედების თარიღად 2018 წლის პირველი მაისი განისაზღვრა, ხოლო მეორე ნაწილი ძალაში 2020 წლიდან შევა.